„პარი სენ-ჟერმენმა“ სეზონში პირველად წააგო
„პარი სენ-ჟერმენმა“ სეზონში პირველად წააგო

საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერმა „პარი სენ-ჟერმენმა“ სეზონში პირველი მატჩი წააგო. ქვეყნის ჩემპიონატის მე-16 ტურში უნაი ემერის გუნდი სტუმრად გასავარდნ ზონაში მყოფ „სტრასბურთან“ დამარცხდა.

პსჟ-ს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა – 73 პროცენტი ბურთის ფლობა და 29 დარტყმა, თუმცა, აქედან მხოლოდ ხუთი აღმოჩნდა ზუსტი. “სტრასბურმა” კი მხოლოდ ორჯერ დაარტყა ზუსტად მეტოქის კარის მიმართულებით და ორივეჯერ გაიტანა.

ანგარიში კაბოვერდელმა ნუნუ და კოშტამ მე-13 წუთზე გახსნა. კილიან მბაპემ პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრა, მაგრამ მეორე ნახევარში პარიზელთა მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია, სამაგიეროდ, სტეფან ბაოკენმა 65-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ “სტრასბური” და მასპინძლებმა ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ჯამში 100 წუთი გაგრძელდა. წაგების მიუხედავად, “პარი სენ-ჟერმენი” დამაჯერებლად ლიდერობს – მისი უპირატესობა უახლოეს მდევართან 10 ქულას შეადგენს.