„პარი სენ-ჟერმენის“ ქალთა გუნდის მოთამაშე თანაგუნდელზე თავდასხმის ორგანიზებისთვის დააპატიმრეს #1TVSPORT
 „პარი სენ-ჟერმენის“ ქალთა გუნდის მოთამაშე თანაგუნდელზე თავდასხმის ორგანიზებისთვის დააპატიმრეს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ქალთა გუნდში სერიოზული სკანდალი აგორდა. 4 ნოემბერს, თავდასხმა მოხდა ერთ-ერთ ფეხბურთელზე: ორმა ნიღბიანმა მამაკაცმა მანქანიდან გადმოიყვანა ნახევარმცველი ჰეირუ ჰამრაუი. ისინი მოთამაშეს ფიზიკურად გაუსწორდნენ – ძირითადად, ფეხებში ურტყამდნენ რკინის ჯოხებს. ჰამრაუისთან ერთად, მანქანაში პსჟ-ის კიდევ ერთი ფეხბურთელი ამინატუ დიალო იჯდა, რომელიც თავდამსხმელებმა, უბრალოდ, შეაშინეს.

ფეხბურთელები არ გაუძარცვავთ, მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ ბანდიტების მთავარი სამიზნე სწორედ ჰამრაუის ფეხები იყო. მიღებული დაზიანებების გამო, მან მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამოტოვა.

რამდენიმე დღეში, პოლიციამ ჰამრაუიზე თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორი დააკავა. ეჭვი მიიტანეს ამინატუ დიალოზე. გოგონები გუნდში ერთ პოზიციაზე თამაშობენ და „რეალის“ წინააღმდეგ მატჩში ძირითად შემადგენლობაში სწორედ დიალო მოხვდა. და სწორედ შემადგენლობაში ადგილი გახდა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს შორის კონფლიქტის მიზეზი.

გაზეთი „ეკიპი“ წერს, რომ დიალო ოთხშაბათს დააკავეს და დაკითხეს. გამოცემა RMC-მ დაამატა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, პარიზული კლუბის ზოგიერთ ფეხბურთელს ემუქრებოდნენ, ჰამრაუის ოჯახი კი შოკში იყო, როცა გაიგო, რომ საქმეში დიალოა გარეული – გოგონები მეგობრობენ და არდადეგებზეც ერთად იყვნენ.

ჰამრაუი „პარი სენ-ჟერმენის“ აღზრდილია, მაგრამ მოასწრო „ლიონსა“ და „ბარსელონაში“ თამაში. ამ გუნდებში მას სამჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, წლევანდელ ზაფხულს კი პარიზულ გუნდში დაბრუნდა.