პარი სენ-ჟერმენი დანი ალვეშის დატოვებას ცდილობს
პარი სენ-ჟერმენი დანი ალვეშის დატოვებას ცდილობს

მიმდინარე კვირაში პარი სენ-ჟერმენი დანი ალვეშის წარმომადგენლებს დაელაპარაკება, რათა ბრაზილიელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობა განიხილოს. საფრანგეთის ჩემპიონებს იმედი აქვთ, რომ 35 წლის მარჯვენა მცველს კიდევ ერთი წლით მაინც დატოვებენ პარკ-დე-პრენსზე.

როგორც კლუბთან დაახლოებული წყარო იტყობინება, გუნდის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი ნასერ ალ-ხელაიფი უკიდურესად კმაყოფილია გამოცდილი მცველით, რომელსაც, სხვა დადებით თვისებებთან ერთად, ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ნეიმართან.

მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი ასევე არ მალავს, რომ ალვეშის კიდევ ერთი წლით დატოვება სურს.

„დანისთან ერთად თითოეული დღე გამოწვევაა“, – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი, – „ის მომთხოვნია და ყველასგან მაქსიმუმის გაღებას ითხოვს. ნამდვილი ლიდერია“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში პარიზელებმა სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხეს (0-2) და თითქმის გაინაღდეს მეოთხედფინალის საგზური.