საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა პორტუგალიაში, IWAS-ის (ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანტთა სპორტის ფედერაციის) მიერ ორგანიზებულ მსოფლიო თასის გათამაშებაში.
ტურნირზე ჩვენი ნაკრების ანგარიშზე შვიდი მედალია — ორი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.
აკაკი ჯინჭარაძემ +107 კგ. წონით კატეგორიაში 231 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. პირველი ადგილი დაიკავა ასევე აჰმად რაზმაზარმა (80კგ).
ამ წარმატების შემდეგ ჯინჭარაძე მსოფლიო რეიტინგში — მესამე, რაზმაზარი კი მეოთხე ადგილზეა. ტურნირზე ნათელა გამიდოვამ (-67კგ) 58კგ. ასწია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა შოთა ომარაშვილიც (-80კგ). მესამე ვერცხლი კი იაგო გორგოძის (-107კგ) ანგარიშზეა. ბრინჯაოს მედლები ნინო საბაშვილმა და გიორგი ლაცაბიძემ მოიპოვეს.