პარატიჩი „იუვენტუსიდან“ „ტოტენჰემში“ მმართველ დირექტორად გადავიდა - ლონდონური კლუბი კვარაცხელიასთვის ყველაზე რეალური ვარიანტია #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ყველაზე რეალური ვარიანტი ლონდონის „ტოტენჰემია“ – ამას ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ამტკიცებს.
მან საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის შესახებ საინტერესო დეტალები საკუთარ Youtube-არხზე გაასაჯაროვა.
„კვარაცხელია შეიძლება გახდეს „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ წევრი. პარატიჩი დიდი ხანია, აღფრთოვანებულია ქართველის ნიჭით და ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაუკავშირდა მის ერთ-ერთ აგენტს, ვალერიო ჯუფრიდას. შეგახსენებთ, რომ ჯუფრიდა ალექსეი მირანჩუკის „ატალანტაში“და ელდორა შომუროდოვას „ჯენოაში“ ტრანსფერების მთავარი ფიგურა იყო. ახლა კი რუსეთის პრემიერლიგიდან უფრო დიდი ტრანსფერი შეიძლება განხორციელდეს. ჩემი ინფორმაციით, ჯუფრიდას და პარატიჩის პირველი დიალოგი, შეიძლებოდა, ხვიჩას „იუვენტუსში” გადასვლით დასრულებულიყო. მაგრამ ვითარება მთლიანად შეიცვალა. „ტოტენჰემში“ პარატიჩის გადასვლის შემდეგ, ლონდონური კლუბი კვარაცხელიას კარიერის გაგრძელების ყველაზე რეალურ ვარიანტად გამოიყურება“, – განაცხადა არუსტამიანმა.
ფაბიო პარატიჩი 2021 წლიდან „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მმართველი დირექტორი გახდა. ადრე 48 წლის იტალიელი ანალოგიურ მოვალეობას „იუვენტუსში“ ასრულებდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება. პორტალი „ტრანსფერმარკტი“ მის ტრანსფერს 18 მილიონ ევროდ აფასებს.