პარაფრენბურთელები პირველ მატჩში დამარცხდნენ

23:31, 06.11.2017

საქართველოს პარაფრენბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონთან და რიო დე ჟანეიროს პარაოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსან ბოსნიის გუნდთან 0:3 დამარცხდა.

მჯდომარე ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატი ხორვატიის ქალაქ პორეჩში მიმდინარეობს, სადაც 13 ქვეყნის ნაკრები იღებს მონაწილეობას.

ქართველი ფრენბურთელები ჯგუფურ ეტაპზე ბოსნიასთან, სერბეთთან და უნგრეთთან ითამაშებენ. საქართველოს ნაკრებისთვის ეს შეჯიბრი სადებიუტოა.

პარაფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედროებითაა დაკომპლექტებული.

საქართველოს ნაკრებმა პარაფრენბურთში წელს უკვე მიაღწია წარმატებას, როდესაც კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართული „ძლიერთა თამაშები 2017″-ის (Invictus Games) გამარჯვებული გახდა.

მსგავსი