პარაძიუდო | თბილისის გრან პრიზე დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის მეორე საშეჯიბრო დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს.
ტურნირზე მედლების მოპოვებას რევაზ ჩიკოიძე (+90კგ), ზვიად გოგოჭური (-90კგ), ბაჩუკი შელია (-90კგ), საბა ბაღდავაძე (-90კგ), გიორგი ბერიძე (-90კგ) და რამინ ყიფშიძე (+90კგ) შეეცდებიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შეჯიბრებაზე ქართველმა პარასპორტსმენებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს – ზურაბ ზურაბიანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ბრაზილიელ ტიაგო და სილვას სძლია, გიორგი ქალდანმა კი ოლიმპიური ჩემპიონი, უზბეკი ფერუზ საიდოვი დაამარცხა.
ტურნირზე პარიზი 2024-ის ლიცენზიები თამაშდება. ასეთი მასშტაბური ღონისძიება პარალიმპიური სპორტის ამ სახეობაში საქართველოში პირველად იმართება.
ტურნირის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. საინფორმაციო მხარდამჭერი კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია.