პაპუნაშვილის მენეჯერი - გიორგი „ლუცერნში“ არ მიდის, „სარაგოსაში“ ბრუნდება
პაპუნაშვილის მენეჯერი - გიორგი „ლუცერნში“ არ მიდის, „სარაგოსაში“ ბრუნდება
გიორგი პაპუნაშვილი ლა ლიგა 2-დან გავარდნილ სანტანდერის „რასინგს“ დატოვებს, მაგრამ შვეიცარიულ „ლუცერნში“ არ ითამაშებს, როგორც ესპანურ მედიაში იწერება, – ამის შესახებ ფეხბურთელის მენეჯერმა, ლევან ზუხბაიამ საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.
 
დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ „ლუცერნის“ ვარიანტი ჭორია, რადგან შვეიცარიელები არც მე და არც ფეხბურთელს არ დაგვკავშირებიან, ამიტომ ამ თემაზე ლაპარაკიც არასერიოზულად მიმაჩნია,“– ამბობს ლევან ზუხბაია. მისი თქმით, ბერძნული გუნდი, ათენის „პანათინაიკოსი“ ქართველი ფეხბურთელით დაინტერესებული იყო: „ბერძნები დაინტერესებულები ნამდვილად იყვნენ და მოლაპარაკება დაიწყეს, მაგრამ მერე ურთიერთობა შეჩერდა და ბოლოს შეწყდა“.
სარაგოსას „რეალიდან“ სანტანდერის „რასინგში“ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, ზამთარში იჯარით გადასულმა პაპუნაშვილმა გუნდში სულ ოთხი მატჩი ჩაატარა და გუნდის დატოვებას ამიტომ აპირებს.
„სანტანდერის გუნდთან გიორგის იჯარა პირველ აგვისტოს დაუსრულდება და მერე სარაგოსას „რეალს“ დაუბრუნდება. ამის შემდეგ გიორგისთან ერთად გუნდს შევხდებით და დავილაპარაკებთ, რა გზას ავირჩევთ“, – აცხადებს ლევან ზუხბაია.
დატოვე კომენტარი