პანდევს ინტერვიუ „ალ ჯაზირამ“ ჩამოართვა - კარიერაში ყველაზე ძვირფასი გოლი თბილისში გავიტანე
პანდევს ინტერვიუ „ალ ჯაზირამ“ ჩამოართვა - კარიერაში ყველაზე ძვირფასი გოლი თბილისში გავიტანე

გორან პანდევი ჩრდილოეთ მაკედონიის გმირია. სწორედ მისი გოლით მოიგეს ბალკანელებმა თბილისში საქართველოს ნაკრებთან და ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ. ჩრდილოეთ მაკედონიის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ევრო 2020-ზე გასვლის შემდეგ, ევროპული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გუშინ მას ხანგრძლივი ინტერვიუ ტელეარხმა „ალ ჯაზირა-ბალკანიამ“ ჩამოართვა, სადაც განაცხადა, რომ კარიერაში ყველაზე ძვირფასი გოლი საქართველოში გაიტანა.

„ჩემს კარიერაში ყველაზე ძვირფასი გოლი თბილისში გავიტანე. უზომოდ მიხარია, რომ საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატზე გავედით. 20 წლის განმავლობაში ნაკრებში იყო კარგი და ცუდი პერიოდები. ერთხელ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარიც კი ვთქვი. თუმცა, ნაკრებში მწვრთნელად ანგელოვსკი რომ მოვიდა, დაბრუნება გადავწყვიტე. უნდა ითქვას, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დიდი საქმე გააკეთა. აქვე უნდა ითქვას, რომ ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესო პირობები შეგვიქმნა“, – ამბობს პანდევი.

ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ლეგენდამ თავის ეროვნულ ნაკრებზე ილაპარაკა.

„ახალგაზრდა, მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს. ჩვენ ვიმსახურებთ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას. ჯგუფში ნიდერლანდები, უკრაინა და ავსტრია გვყავს. რა თქმა უნდა, მათ უპირატესობა აქვთ, მაგრამ როდესაც შეუიარაღებლად თამაშობ, როდესაც დასაკარგი არაფერი გაქვს, ქულის მოპოვება შეგიძლია. ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – აცხადებს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კაპიტანი.