პანდევი ფარული კამერის მსხვერპლი გახდა - გორან, „ჯენოამ“ ინდოეთში გაგყიდა
ჩრდილოეთ მაკედონიის საუკეთესო ფეხბურთელი გორან პანდევი იტალიური სატელევიზიო Mediaset-ის ფარული კამერის მსხვერპლი გახდა.
„ჯენოას“ ვეტერანი თავდამსხმელის ხაფანგში გაბმაში ჩართულები იყვნენ გუნდის კაპიტანი დომენიკო კრიშიტო და ფეხბურთელის აგენტი ლეონარდო კორსი. კორსიმ დაურეკა პანდევს და უთხრა, რომ კლუბმა მისი ინდოეთის კლუბში გაყიდვა გადაწყვიტა.
პანდევი თავდაპირველად დარწმუნებული იყო, რომ ეს ხუმრობაა და შესაბამისი რეაქცია ჰქონდა. – „კორსი, საკმარისია. ხომ არ გაგიჟდი? თუ მთვრალი ხარ? რაზე ლაპარაკობ?“.
თუმცა, ყოყმანი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მენეჯერმა თანხა დაუსახელა – 72 მილიონი ევრო სამ სეზონში და ათი მილიონი ევრო ბონუსის სახით, თუ გუნდი სასურველ შედეგს მიაღწევდა.
ამ წუთებში პანდევმა თანაგუნდელებს აუხსნა, რას სთავაზობენ და ამბობს – „რა ინდოეთი, მირჩევნია, თავი მოვიკლა“.
უფრო საინტერესო და დამაჯერებელი რომ გამხდარიყო ეს ამბავი, სიუჟეტში გამოჩდნენ გულშემატკივრები, რომლებიც პანდევის სახლის წინ ბანერებით მოვიდნენ და სკანდირებდნენ: „მოღალატე პანდევ!“.
ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წევრი იძულებული გახდა, მათთვის აეხსნა, რომ მსგავსი რამ ფიქრად არ ჰქონდა, მაგრამ ფანები დაძაბულები ელაპარაკებოდნენ და ამ დროს გადაცემა „ფარული კამერის“ წამყვანიც გამოჩნდა.