პანამის პრეზიდენტი გამორიცხავს, რომ მარკო რუბიოსთან შეხვედრის დროს პანამის არხის კონტროლის საკითხის განხილვას
პანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინო გამორიცხავს აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან შეხვედრისას პანამის არხის კონტროლის საკითხის განხილვას.
„მე არ შემიძლია მოლაპარაკებების წარმოება და, მით უმეტეს, არხის შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყება. საკითხი დახურულია, არხი პანამას ეკუთვნის. პანამაში შეერთებული შტატების საელჩოსგან არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია, არც სახელმწიფო მდივნისგან, რომელთანაც ვთანამშრომლობთ მიგრაციის საკითხებზე, არხში სხვა ქვეყნის სამხედრო ყოფნის შესახებ“, – განაცხადა ხოსე რაულ მულინომ.
82-კილომეტრიანი ხელოვნური არხი, რომელიც წყნარ და ატლანტის ოკეანეებს აკავშირებს, არის მნიშვნელოვანი გლობალური სავაჭრო ნაკადებისთვის. ის პანამის არხის ადმინისტრაციის – ავტონომიური სააგენტოს მიერ იმართება, რომელსაც პანამის მთავრობა ზედამხედველობს.
აშშ-მა არხი მე-20 საუკუნის დასაწყისში ააშენა და 1999 წელს კონტროლი პანამას გადასცა, ორი ათწლეულის მერე მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ხელშეკრულებების პაკეტს, რომელიც მის მუდმივ ნეიტრალიტეტს უზრუნველყოფს.
თუმცა დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეს ხელშეკრულება ირღვევა და ამტკიცებს, რომ არხს ჩინეთი აკონტროლებს და ადგილზე ჯარისკაცები ჰყავს განთავსებული. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ არხში ტრანზიტისთვის ზედმეტად მაღალ გადასახადებს იხდის.