პალესტინის პრეზიდენტი აშშ-ის საავადმყოფოში გეგმური გამოკვლევებისთვის იმყოფება
პალესტინის პრეზიდენტი აშშ-ის საავადმყოფოში გეგმური გამოკვლევებისთვის იმყოფება

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ამერიკის შეერთებულ შტატებში, საავადმყოფოში გეგმური გამოკვლევებისთვის იმყოფება. ამის შესახებ Reuters-ს პალესტინის მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განუცხადა.

სამშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოზე მაჰმუდ აბასმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონფერენციის დანიშვნის მოწოდება გააკეთა. პალესტინა ამერიკის შეერთებულ შტატებს ნეიტრალურ მომლაპარაკებლად აღარ განიხილავს.

პალესტინელების უკმაყოფილება დეკემბერში იერუსალიმის სტატუსის შესახებ ტრამპის გადაწყვეტილებამ გამოიწვია.
ამავე საბჭოზე გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მისამართით გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, პალესტინელებთან ახლო აღმოსავლეთის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი ჯეისონ გრინბლატი, რომლებიც ახალ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ, ჰეილის ზურგს უკან ისხდნენ. 15-წევრიანი საბჭოს წინაშე აბასის გამოსვლის შემდეგ, ჰეილის არ დაუკონკრეტებია, რაში მდგომარეობს აშშ-ის გეგმა.
„ჩვენი მომლაპარაკებლები ზუსტად ჩემს ზურგს უკან სხედან და მზად არიან სასაუბროდ, მაგრამ ჩვენ ძალას არ დაგატანთ. არჩევანი თქვენზეა, ბატონო პრეზიდენტო“, – განაცხადა ჰეილიმ.

აბასი მის მოსასმენად სხდომის დარბაზში არ დარჩენილა.