პაკისტანში აშშ-ის საკონსულოზე ირანის მხარდამჭერებმა შტურმი სცადეს, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში აშშ-ის საკონსულოზე ირანის მხარდამჭერებმა შტურმი სცადეს, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიში აშშ-ის საკონსულოზე ირანის მხარდამჭერმა ასობით ადამიანმა შტურმის განხორციელება სცადა. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

შტურმი მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე თავდასხმა განახორციელეს და ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს.

„ჩვენ კარაჩის სამოქალაქო საავადმყოფოებში, სულ მცირე, რვა ცხედარი გადავასვენეთ. საკონსულოში მომხდარი ინციდენტის დროს კიდევ 20 ადამიანი დაშავდა“, – აცხადებს სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ მათგან უმეტესობას ტყვიით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა.

საერთაშორისო მედიებში გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დაშლა მოახერხეს და სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარა.