პაკისტანმა ინდოეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მოჰამად ფაისალი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, პაკისტანელმა დიპლომატმა ნიუ დელი დღეს დილით დატოვა.
ისლამაბადსა და დელის შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც 14 თებერვალს ინდოელი სამხედროების ავტოკოლონაზე თავდასხმა განხორციელდა. ინდოეთის მთავრობა მომხდარზე პასუხისმგებლობას პაკისტანს აკისრებს.
მანამდე ინდოეთმა საგარეო უწყებაში კონსულტაციებისთვის პაკისტანის ელჩი დაიბარა და მომხდართან დაკავშირებით, პროტესტი გამოუცხადა. დელი მოუწოდებს ისლამაბადს, სათანადო ზომები მიიღოს იმ ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც ინდოელ სამხედროებზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.
ჯამუსა და ქაშმირის შტატში 14 თებერვალს თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომობილი ააფეთქა. დაიღუპა 45 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულმა დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მუჰამედმა“ აიღო.