პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ღვთის გმობაში ბრალდებული ქრისტიანი ქალის სასიკვდილო განაჩენი გააუქმა
პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ღვთის გმობაში ბრალდებული ქრისტიანი ასია ბიბის სასიკვდილო განაჩენი გააუქმა და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას პაკისტანის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, მოხდა პოლიციასთან დაპირისპირებაც.
ასია ბიბი მუჰამედ წინასწარმეტყველის შეურაცხყოფაში 2010 წელს დამნაშავედ ცნეს. თავად ის ბრალს არ აღიარებდა. ბოლო რვა წელი ახალგაზრდა ქალმა იზოლირებულ საკანში გაატარა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ ბიბისთვის სასიკვდილო განაჩენის გაუქმების შესახებ პაკისტანის კონსერვატიულ მუსლიმებში უკმაყოფილება გამოიწვია. პაკისტანის ისლამისტური პარტიის ლიდერმა, მუჰამედ აფზალ ქადრიმ განაცხადა, რომ ახლა უზენაესი სასამართლოს სამივე მოსამართლე სიკვდილს იმსახურებს. დედაქალაქ ისლამაბადში პოლიციის გაძლიერებული ძალები უზენაესი სასამართლოს შენობას იცავს. ხელისუფლებამ ქუჩაში სამხედრო დანაყოფები გაიყვანა. ხალხმრავალი გამოსვლები იმართება ყარაჩიში, ლაჰორში, ფეშავარსა და მულთანში.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა ღვთის გმობისთვის მკაცრი სასჯელის მომხრეები გააკრიტიკა და მათ მშვიდობისკენ მოუწოდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის ქვეყანაში არეულობას არ დაუშვებს. სპეციალურ ტელემიმართვაში იმრან ხანმა განაცხადა, რომ რადიკალურად განწყობილი პირები სიძულვილს აღვივებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
ორი შვილის დედა ასია ბიბი ღვთის გმობაში 2009 წელს დაადანაშაულეს. ბიბი მეზობელ ქალ მუსლიმებთან სიტყვიერი დაპირისპირებაში ჩაება. როგორც მოწმეებმა სასამართლოში განაცხადეს, კამათის დროს მან წინასწარმეტყველი მუჰამედ შეურაცხყო. თავად ბიბი ჰყვებოდა, რომ ინციდენტიდან რამდენიმე დღეში ის საკუთარ სახლთან სცემეს.