პაკისტანის თავდაცვის მინისტრი - ქაშმირის დაპირისპირებამ, შესაძლოა, სრულმასშტაბიან ომამდე მიგვიყვანოს
პაკისტანის თავდაცვის მინისტრი - ქაშმირის დაპირისპირებამ, შესაძლოა, სრულმასშტაბიან ომამდე მიგვიყვანოს

ქაშმირის დაპირისპირებამ, შესაძლოა, სრულმასშტაბიან ომამდე მიგვიყვანოს, – ამის შესახებ პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო უნდა „შეშფოთდეს“ ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტის პერსპექტივით, თუმცა აღნიშნა, რომ დაპირისპირების მოლაპარაკებების გზით დასრულების იმედი აქვს.

ასიფის განცხადებით, პაკისტანის სამხედრო ძალები „მზად არიან ნებისმიერი პასუხისთვის“.

„ჩვენ ვუპასუხებთ იმას, რასაც ინდოეთი დაიწყებს. თუ მოხდება სრულმასშტაბიანი თავდასხმა ან მსგავსი რამ, მაშინ, რა თქმა უნდა, გვექნება სრულმასშტაბიანი ომი“, – განაცხადა ასიფმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა შეშფოთდეს თუ არა მსოფლიო, პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა უპასუხა:

„დიახ, მე ასე ვფიქრობ. ორ ბირთვულ ძალას შორის დაპირისპირება ყოველთვის საგანგაშოა. თუ საქმე ცუდად წავა, ამას შეიძლება ტრაგიკული შედეგი მოჰყვეს“.

ცნობისთვის, 22 აპრილს ქალაქ პაჰალგამის მახლობლად, რომელიც მდებარეობს ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის შტატის ნაწილში, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ტურისტთა ჯგუფს. დაიღუპა 26 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო უცნობმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, რომელიც თავს „ქაშმირის წინააღმდეგობას“ უწოდებს. ინდოეთი თავდასხმას პაკისტანს უკავშირებს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ დამნაშავეები „პასუხს აგებენ“.

ოფიციალური ისლამაბადი ინდოეთის ბრალდებებს უარყოფს. თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა შეამცირა დიპლომატიური ურთიერთობების დონე პაკისტანთან და გამოაცხადა რიგი ზომები, მათ შორის პაკისტანელი სამხედრო ატაშეების გაძევება, სახმელეთო სატრანზიტო პუნქტის დახურვა და წყლის რესურსების ერთობლივი გამოყენების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება.