პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ შვეიცარიაში ირან-აშშ-ის მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაუქმდა, რადგან დოკუმენტს მხარეებმა დისტანციურად უკვე მოაწერეს ხელი
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ შვეიცარიაში ირან-აშშ-ის მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაუქმდა, რადგან დოკუმენტს მხარეებმა დისტანციურად უკვე მოაწერეს ხელი

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის, იშაქ დარის განაცხადებით, შვეიცარიაში 19 ივნისს დაგეგმილი ირან-აშშ-ის მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაუქმდა, რადგან დოკუმენტს მხარეებმა დისტანციურად უკვე მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მანამდე პაკისტანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა „ბიბისის“ აცნობა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა ჟენევაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო და აღნიშნა: „შემდეგი ეტაპი გაგრძელდება ცალკეული ტექნიკური დონის მოლაპარაკებების გზით სხვადასხვა საკითხზე, ამ ყოვლისმომცველი ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში“.

როგორც „ბიბისი“ წერს, ხელმოწერის ცერემონიის ჩატარების პერსპექტივასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც შარიფმა დღეს დილით სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული პოსტი შეცვალა და წაშალა აბზაცი, სადაც ეწერა:

„პაკისტანი, კიდევ ერთი შუამავალი სახელმწიფოს – კატარის მხარდაჭერით, 2026 წლის 19 ივნისს შვეიცარიაში უმასპინძლებს ოფიციალურ ცერემონიას, რათა აღინიშნოს ეს ისტორიული მოვლენა და დაიწყოს ტექნიკური დონის მოლაპარაკებები“.

დღის განმავლობაში პაკისტანში არსებული წყაროები „ბიბისის“ არწმუნებდნენ, რომ ღონისძიება კვლავ იგეგმებოდა, თუმცა საღამოსთვის ეს გეგმა შეიცვალა.

ცნობისთვის, შაჰბაზ შარიფი ურთიერთგაგების მემორანდუმის ერთ-ერთი ხელმომწერი იყო, როგორც შუამავალი.