„პაფოსმა“ ქეცბაიას მიწვევა უარყო - „ალფანიუსი“ კი ამტკიცებს, რომ ქართველს 400 ათასი ევრო შესთავაზეს #1TVSPORT
„პაფოსმა“ ქეცბაიას მიწვევა უარყო - „ალფანიუსი“ კი ამტკიცებს, რომ ქართველს 400 ათასი ევრო შესთავაზეს #1TVSPORT

კვიპროსულმა საფეხბურთო კლუბმა, „პაფოსმა“ უარყო კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ხმები, თითქოს ახალი სეზონიდან მთავარ მწვრთნელად მუშაობა თემურ ქეცბაიას შესთავაზეს.

ამის შესახებ გუნდის სპიკერმა პოლივიოს პალიურასმა SPORT FM-ს განუცხადა, რომ ამ დროისთვის მწვრთნელთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არაა.

„ახლა ჩვენ მწვრთნელი გვყავს – სტივ კონსტანტინიდისი და წინ თამაშები გვაქვს. როდესაც დრო მოვა, ჩვენ მწვრთნელის შესახებ კითხვას ვუპასუხებთ. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ამ დროისთვის არანაირი სიახლე არაა”.

ამის მიუხედავად, ბერძენმა ჟურნალისტმა ანტონის ცირაკისმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა პოსტი და ამტკიცებს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს და ქართველ მწვრთნელს კონტრაქტი კონკრეტული პირობებით შესთავაზეს.

„გარკვეული დროის განმავლობაში ამ თემას ვსწავლობდი და გავიგე, რომ „პაფოსი“თემურ ქეცბაიასთან თანამშრომლობით ნამდვილად დაინტერესებულია. ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი მწვრთნელის კარზე „პაფოსმა“ უკვე დააკაკუნა – ეს იმ შემთხვევაში, თუ იგი „ანორთოსისს” დატოვებს. გუნდი ქეცბაიას ხელფასის სახით წელიწადში დაახლოებით 400 000 ევროს სთავაზობს. თუმცა „პაფოსი“ ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს“, – ამტკიცებს ჟურნალისტი.