ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსის თასის ნახევარფინალში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ განმეორებითი შეხვედრა სტუმრად ნიქოზიაში „აპოელთან“ ჩაატარა და დამაჯერებლად მოიგო.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში თემურ ქეცბაიამ სამი ქართველი ფეხბურთელი დააყენა – გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია (64-ე წუთზე შეცვალეს), მურთაზ დაუშვილი კი დისკვალიფიცირებული იყო. ანგარიში ფამაგუსტელებმა გახსნეს. 25-ე წუთზე „აპოელს“ ნახევარმცველმა ჯოზეფ ჰუსბაუერმა გაუტანა.

29-ე წუთზე საქმეში ლორია ჩაერთო და მეტოქის სახიფათო დარტყმა მოიგერია. მაგრამ 35-ე წუთზე გუნდი მანაც ვერ გადაარჩინა, როდესაც ამბარცუმიანმა ხელით ითამაშა და „ანორთოსისის“ კარში დანიშნული პენალტი „აპოელის“ ინგლისელმა თავდამსხმელმა ჯო გარნერმა ზუსტად შეასრულა 1:1. თუმცა, ლორიამ დარტყმის მიმართულებაც გამოიცნო და ბურთსაც შეწვდა, მაგრამ ძლიერად დარტყმული ვერ მოიგერია.

„ანორთოსისის“ მოთამაშეებმა გაშვებული გოლის შემდეგ კარგად შეუტიეს და და 45+3-ე წუთზე ისევ დაწინაურდნენ – შესვენებამდე მასპინძლებს კარისკენ დაინიშნა ჯარიმა, რომლის გათამაშების შემდეგ ზუსტი თავური დარტყმით პავლოს კორეამ „აპოელს“ ცივი შხაპი გადაასხა, ხოლო 75-ე წუთზე მან დუბლი შეასრულა და სტუმრებს გამარჯვება მოუტანა – 3:1.

საბოლოოდ, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ ორი მატჩის ჯამში მეტოქეს 4:1 სძლია (1:0, 4:1) და კვიპროსის თასის ფინალში გავიდა, სადაც შეხვდება ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“, რომელმაც ლიმასოლის აელ-ს ორივე ნახევარფინალური შეხვედრა მოუგო – პირველი 5:2, განმეორებითი კი 1:0.