გიორგი ლორია კვიპროსულ „ტოპ 5“-ში მოხვდა - არ დაიჯეროთ, რომ უკვე ფინალში ვართ #1TVSPORT
გიორგი ლორია კვიპროსულ „ტოპ 5“-ში მოხვდა - არ დაიჯეროთ, რომ უკვე ფინალში ვართ #1TVSPORT

„კვიპროსის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „აპოელთან“ გამარჯვება (1:0) კარგია, მაგრამ ფინალში გასვლის გარანტია ვერ იქნება,“ – ამის შესახებ „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორიამ მატჩის შემდეგ განაცხადა.

„პირველი მატჩის მოგება დიდი სტიმულია. ძალიან რთული მატჩი იყო, რადგან დაუშვილის გაძევების შემდეგ ათი მოთამაშით დავრჩით. ამის მიუხედავად, გუნდმა წარმატებას მიაღწია, კარი უგოლოდ შევინარჩუნეთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენს გულშემატკივრებს „ანორთოსისის“ თამაში მოეწონათ. თუმცა, ჩვენ ჯერ მხოლოდ საქმის 50% გავაკეთეთ. გასვლითი თამაში კიდევ უფრო რთული იქნება. მობილიზებულები უნდა ვიყოთ და არ დავიჯეროთ, რომ ყველაფერი დასრულებულია. პროფესიონალები ვართ და საქმე ბოლომდეა მისაყვანი,” – აღნიშნა გიორგი ლორიამ.

სტატისტიკოსებმა კი გაარკვიეს, რომ საქართველოს ნაკრების 25 წლის მეკარე კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებული წუთების მიხედვით საუკეთესო ხუთეულში შედის.

„ტოპ 5“:

  • ვოზინია (აელი, 3062 წთ.)
  • არტურ რუდკო (პაფოსი, 2957 წუთი)
  • სტელიოს ანდრეუ (ოლიმპიაკოსი, 2923 წთ)
  • გრეგორ ბალაჟიჩი (ენოსისი, 2864 წთ)
  • გიორგი ლორია (ანორთოსისი, 2856 წთ)

„ფამაგუსტელთა მაღალი მეკარე გიორგი ლორია თემურ ქეცბაიასთვის სტაბილური არჩევანია. საქართველოს ნაკრების წევრი სტაბილური გამოსვლებით გამოირჩევა და უმეტეს მატჩებში „ანორთოსისში“ ერთ-ერთი საუკეთესოა. 30 თამაშიდან 13-ში მან თავისი კარი მშრალად შეინახა,“ – წერს „ფილნიუსი“ (Philenews).

დატოვე კომენტარი