პაციენტის მშობელი - „სოლიდარობის ფონდს“ მივმართეთ, რომ დიაგნოსტირებისთვის ბავშვი უცხოეთში გაეშვათ, იქ დაისვა დიაგნოზი
პაციენტის მშობელი - „სოლიდარობის ფონდს“ მივმართეთ, რომ დიაგნოსტირებისთვის ბავშვი უცხოეთში გაეშვათ, იქ დაისვა დიაგნოზი

ჩემი შვილისთვის დიაგნოზის დადგენა საქართველოში დიდხანს ვერ მოხერხდა და „სოლიდარობის ფონდს“ მივმართეთ, რათა ბავშვი დიაგნოზის მისაღებად საზღვარგარეთ გაეშვათ, – ამის შესახებ პაციენტის მშობელმა, ძაბული სოხულაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სოლიდარობის ფონდმა“ უცხოეთში გაგვიშვა და დიაგნოზი იქ დაისვა. ამის შემდეგ, მკურნალობა იქვე, თურქეთში გავაგრძელეთ. იქ დავიწყეთ ქიმიოთერაპია და რადიოსხივები. რადიოსხივების დროს განვითარდა ძალიან დიდი ინფექცია და რეანიმაციაში ყოფნა 35 დღის განმავლობაში მოგვიწია. როგორც იქნა, ბავშვმა ინფექცია დაამარცხა და ამის შემდეგ, ქიმიოთერაპია ისევ გავაგრძელეთ“, – განაცხადა სოხულაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ დააფინანსა ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობა და მოუხდა თუ არა ოჯახს თანადაფინანსება, პაციენტის მშობელმა თქვა, რომ დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროსგან და მერიისგან მიიღო. ასევე, საკმაოდ დიდი თანხები გაიღო „სოლიდარობის ფონდმა“.

„ჩემი მხრიდან, ხალხი ძალიან დაგვეხმარა და გვერდით დაგვიდგა. ქუთაისში ძალიან იაქტიურა ქალბატონმა ნანა შენგელიამ და ქუთაისის ბაგა–ბაღები ძალიან დიდი თანხით დაგვეხმარა. ხალხი დღესაც გვეხმარება“, – განაცხადა პაციენტის მშობელმა.

როგორც პაციენტის მშობელმა აღნიშნა, მის შვილს მხედველობის პრობლემაც აქვს და ოჯახის სურვილია, ბავშვმა მკურნალობა საფრანგეთში გააგრძელოს.

„საფრანგეთში მკურნალობისთვის საჭირო თანხას ვაგროვებთ, რაშიც ხალხი ძალიან გვეხმარება“, – განაცხადა ძაბული სოხულაშვილმა.