პაბლო ესკობარი 1949 წელს დაიბადა – მესამე შვილი იყო ფერმერისა და სკოლის მასწავლებლის ოჯახში. სულ შვიდნი იყვნენ. დის სიტყვებით, პაბლოს პირველი ფეხსაცმელები – საფეხბურთო ბუცები იყო, მაგრამ უკვე ადრეულ წლებში ბიჭი ფულს სხვანაირად შოულობდა – მკვლელობებით, ძარცვით, გამოძალვით. მოგვიანებით, 28 წლის მედელინელმა სამ თანამებრძოლთან ერთად მედელინის კარტელი შექმნა, რამაც ორი წლის შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცია. რაღაც მომენტში, კოკაინის რეალიზაციიდან მოგება კვირაში 220 მილიონ დოლარამდე ავიდა. ეს ნაღდი ფული იყო და ხანდახან ბანკნოტების დაწვაც კი უწევდათ მათი დიდი რაოდენობის გამო. ამ ფულის პატრონი უპოპულარულესი ფიგურა იყო მასობრივ კულტურაში და ყველაზე ცნობადი დამნაშავე გახლდათ XX საუკუნის მეორე ნახევარში.
მინდვრების მშენებლობა და კარტელების მისვლა კოლუმბიურ ფეხბურთში
კოლუმბიელი ნარკობარონი შორს იყო პროფესიული საფეხბურთო დონისგან, მაგრამ ბურთის გაგორება უყვარდა. საყვარელი პოზიცია – მარცხენა ფლანგი იყო, საიდანაც ესკობარი იოლად შედიოდა საჯარიმოში. ის ხშირად თამაშობდა პროფესიონალი ფეხბურთელების წინააღმდეგ, აგრეთვე, იოლად აბამდა ნაცნობობას მომავალ ვარსკვლავებთან: ჩონტო ერერასთან, ალექსის გარსიასთან, ჩიჩო სერნასთან, ლიონელ ალვარესთან, რენე იგიტასთან და პაჩო მატურანასთან – ისინი ყველანი კოლუმბიური ფეხბურთის საკულტო ფიგურები იყვნენ და იმ მინდვრებზე იწყებდნენ თამაშს, რომლებსაც პაბლომ მშობლიურ ქალაქში ათეულობით ხსნიდა.
„უღარიბეს უბნებსა და ჯურღმულებში ჩემპიონატები იმართებოდა. მთელი რაიონები ივიწყებდნენ გაჭირვებასა და უბედურებას. მე ღარიბი ვიყავი, მაგრამ მინდორზე ჩვენი მნიშვნელობა დიდი იყო და იდეალურ სამყაროში ვცხოვრობდით“, – იხსენებდა შემდეგ ერერა, რომელმაც ნაკრებში 60-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. მას ეთანხმება ალვარესი: „ყველა იმაზე ლაპარაკობდა, ვისი ფულით იყო მინდორი აშენებული. და აკრიტიკებდნენ მას ნარკოვაჭრობისთვის. მაგრამ ჩვენ თავს ბედნიერად ვგრძნობდით, რადგან თამაშისთვის მინდვრებს გვაძლევდნენ“.
ფეხბურთი ესკობარისთვის არა მხოლოდ გატაცება, არამედ დანაშაულებრივი ფულის ლეგალაზიციის მოხერხებული ინსტრუმენტი იყო. აქედან გაჩნდა პროგრამა – „მედელინი ჯურღმულების გარეშე“, რომლის რანგში იხსნებოდა საფეხბურთო მოედნები, ასევე შენდებოდა მთელი კვარტლები. ამისთვის ბევრი ესკობარს დღემდე წმინდანად მიიჩნევს – მისი საქმიანობის მიუხედავად. პაბლო დაფიქრდა კიდეც პოლიტიკოსის კარიერაზე და 1982 წელს კონგრესში მოხვდა. მაგრამ მის მიერ პოლიტიკური ოლიმპის დაპყრობა იუსტიციის მინისტრმა როდრიგო ლარა ბონილიამ შეწყვიტა, რომელმაც ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო მთავრობაში ესკობარის ბინძური ფულის წინააღმდეგ. პაბლო კონგრესიდან 1984 წლის დასაწყისში გააძევეს. ორი თვის შემდეგ, ბონილია კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას ჩრდილოეთ ნაწილში ლიმუზინში ჩაცხრილეს.
ესკობარი პოლიტიკიდან ფეხბურთზე გადაერთო. კოლუმბიური კლუბები სულ უფრო მეტად ხდებოდნენ ნარკოდამოკიდებულები. ესკობარის პარტნიორი ხოსე გაჩა („მექსიკელი“) ფულს აბანდებდა ბოგოტას „მილიონარიოსში“. ესკობარის ძველმა მტერმა გილბერტო ორეხუელამ ფული ჩადო კალის „ამერიკაში“. კონკურენტის დამარცხება პაბლოსთვის პრინციპის საქმე გახდა.
ესკობარის საყვარელი კლუბი იყო „ინდეპენდიენტე მედელინი“. პაბლოს ვაჟმა სებასტიან მაროკინმა გააკრიტიკა კიდეც სერიალ „ნარკოსის“ სცენარიტები იმისთვის, რომ მამამისი რამდენჯერმე ეკრანზე სხვა ადგილობრივი კლუბის – „ატლეტიკო ნასიონალის“ ფორმაში გამოჩნდა: „თუ თქვენ არ იცით, რომელ გუნდს გულშემატკივრობდა მამაჩემი, მაშინ როგორ შეიძლება თქვენი ისტორია სერიოზულად აღვიქვათ“.
პაბლოს სიყვარულს „ინდეპენდიენტეს“ მიმართ ესკობარის მარჯვენა ხელი ჯონ ხაირო ველასკესი (მეტსახელად „პოპაი“) ადასტურებდა, მაგრამ ნარკობარმა ფული სწორედ „ატლეტიკოში” ჩადო. თუმცა, ეს ინვესტიციები ხელს არ უწყობდა ძლიერი უცხოელი ფეხბურთელების მოზიდვას, რაც ესკობარის დიდი ოცნება იყო – ჩრდილოვანი მფლობელის რეპუტაცია არავის ხიბლავდა.
ამიტომაც „ნასიონალმა“ განვითარების ვექტორი შეიცვალა და კონცენტრაცია მთელი ქვეყნიდან ახალგაზრდა ტალანტების მიწვევაზე გააკეთა. 80-იანი წლების შუაში, გუნდში გაჩდნენ ნაკრების მომავალი ლეგენდები – მეკარე რენე იგიტა, მცველი ლუის პერეა, ფორვარდი ლიონელ ალვარესი. ამ გუნდის მწვრთნელად დანიშნეს ნაკლებად გამოცდილი 38 წლის ფრანსისკო მატურანა. და ამ გათვლამ გაამართლა.
კოპა ლიბერტადორესი-89: დაშინებული ურუგვაელები, პენალტი ფინალში
თუმცა, თავიდან კოლუმბიური ფეხბურთი დაიპყრეს კონკურენტებმა ქალაქ კალიდან და 1985-87 წლებში ზედიზედ სამჯერ გავიდნენ ლიბერტადორესის თასის ფინალში (თუმცა, სამივეჯერ წააგეს). ჩემპიონთა ლიგის სამხრეთამერიკული ანალოგი ყველა ნარკოკლუბის მთავარი ოცნება იყო – კარტელების ფულით აღორძინებულ კოლუმბიურ კლუბებს, აქამდე არასოდეს მოეგოთ ეს პრესტიჟული ტიტული.
დიდი კაპიტალის მოდინებამ ქვეყნის ჩემპიონატის დონის ზრდის პროვოცირება მოახდინა და კლუბებში ლეგიონერებმაც დაიწყეს მისვლა. „ფეხბურთში ნარკოფულის გამოჩენამ საშუალება მოგვცა ბევრი ძლიერი უცხოელი ფეხბურთელი მოგვეწვია, – იხსენებდა მატურანა. – ამან ასევე საუკეთესო ფეხბურთელების სხვა კლუბებში გადასვლა შეაჩერა. ჩვენი თამაშის დონე მკვეთრად ამაღლდა. ხალხმა დაინახა ეს სიტუაცია. ისინი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი პაბლოს გაკეთებული იყო. მაგრამ მათ არაფრის დამტკიცება არ შეეძლოთ“.
კალის „ამერიკის“ დომინირების შემდეგ, ესკობარის საფეხბურთო პროექტიც თანდათან მაღლა წავიდა. 1988 წელს, „ატლეტიკო ნასიონალი“, როგორც იქნა, ლიბერტადორესის თასზე გავიდა. შემდეგ წელს „მწვანეების“ („ატლეტიკო ნასიონალის“ მეტსახელი) ტრიუმფალური სვლა უკვე მთელს სამხრეთ ამერიკაში გაგრძელდა. თუმცა, დღემდე გაუგებარია, წარმატებაში რა უფრო მეტი იყო – ნიჭიერი მოთამაშეები თუ ესკობარის გავლენა შედეგებზე.
თუ ლიბერტადორესის თასის მეოთხედფინალში უცნაური მსაჯობა შეიძლებოდა შემთხვევითობად გაესაღებინათ (თუმცა, „მილიონარიოსის“ მოთამაშეები ირწმუნებოდნენ, რომ მსაჯები „ნაყიდები“ იყვნენ), ნახევარფინალის განმეორებითმა მატჩმა ნარკობარონის ჩარევაში ეჭვი აღარ დატოვა.
პირველი მატჩი ურუგვაის „დანუბიოსთან“ უგოლო ფრით დასრულდა, საპასუხო მატჩი მედელინში იგეგმებოდა. მსაჯი არგენტინელი კარლოს ესპოზიტო იყო, რომელმაც სამუდამოდ დაიმახსოვრა ის ვიზიტი.
მთავარმა არბიტრმა თანაშემწეებთან აბელ ნიეკოსთან და ხუან ბავასთან ერთად ივახშმა, რის შემდეგაც დასაძინებლად წავიდა. ძილის წინ, წყალი შეუკვეთა – მსაჯების ბრიგადა გაფრთხილებული იყო, რომ ონკანიდან წყლის მიღებს სასურველი არ იყო. მაგრამ გოგონას ნაცვლად, რომელსაც წლის ბოთლი უნდა მიეტანა, ნომერში ოთხი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. მსაჯებს წინ დაუდეს ჩანთა 200 ათასი დოლარით და უთხრეს, რომ ეს იქნებოდა საჩუქარი „ატლეტიკოს“ მოგებისთვის. სტუმრებმა ნიეკოს თავზე იარაღი მიაბჯინეს, ბავას სახე კი ლულისგან რამდენიმე სანტიმეტრში იყო.
„ძალიან შეგვეშინდა, მაგრამ უარი ვთქვით. ვუთხარით, რომ სამუშაოს პატიოსნად შესრულებას ვაპირებდით. მათ გვიპასუხეს: „კარგი, მაგრამ უმჯობესი იქნება „ატლეტიკომ“ მოიგოს. აქ თქვენი ცხოვრება არაფერი ღირს“. მათ ოთახი დაარბიეს და ჩვენ ტელეფონის გარეშე დავრჩით. დაძინება ვეღარ შევძელით. იმ ინციდენტამდე ნახევარი წლით ადრე, სიგარეტი გადავაგდე, იმ ღამეს კი ისევ დავიწყე მოწევა.
სტადიონი გადავსებული იყო. ესკობარი იქ იყო, ტრიბუნაზე, გადაცმული, ჩვეულებრივ გულშემატკივრებს შორის. ჩვენ ის არ დაგვინახავს, მაგრამ ვიცოდით, რომ იქ იყო. ეს პოლიციის უფროსმა გვითხრა, რომელიც გვიცავდა, ათი დღის შემდეგ კი ის უმოწყაროდ დაცხრილეს. მინდა გითხრათ, რომ გაგვიმართლა „ატლეტიკოს“ დიდი ანგარიშით მოგებით. არ მკითხოთ, როგორ მოახერხეს მათ ეს. მაგრამ მასპინძლების გამარჯვებაც არ გვაძლევდა არანაირ გარანტიას. ჯერ კიდევ მატჩამდე პოლიციის უფროსმა გვითხრა, რომ ზეიმის გამო მინდვრის დატოვებას ვერ შევძლებდით. და მართალი აღმოჩნდა. იმ ღამით 11 ადამიანი დაიღუპა ზეიმის დროს. ქუჩებში ნარკოტიკებით გაბრუებული არსებები დადიოდნენ. მედელინი – საშინელი ქალაქია“, – იხსენებდა ათწლეულების შემდეგ ესპოზიტო.
თამაში მასპინძლებმა 6:0 მოიგეს. თვითმხილველთა თქმით, მსაჯობა ნორმალური იყო, სამაგიეროდ, „დანუბიოს“ მოთამაშეებს ზედმეტად ბურთთან მიკარება ეშინოდათ. ის, რომ მატჩი შეგნებულად დათმეს, აქამდე არავის უღიარებია.
ფინალში „ატლეტიკო ნასიონალი“ პარაგვაის „ოლიმპიას“ შეხვდა. პირველი მატჩის წინ ესკობარის ხალხით მსაჯების დაშინება კოლუმბიურ კლუბს ვერ დაეხმარა – პარაგვაელებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს. საპასუხო მატჩი ბოგოტაში გაიმართა (მედელინის სტადიონი სიდიდით არ აკმაყოფილებდა ფინალს) და თრილერად გადაიქცა – „ატლეტიკომ” ორი ბურთი გაქვითა და მატჩი პენალტების სერიაში გადაიყვანა, რომელიც 18 დარტყმამდე გაიწელა. გმირები გახდნენ რენე იგიტა (გოლი და ოთხი მოგერიებული ბურთი) და ლეონელ ალვარესი.
„მე მათ ვეუბნებოდი: გაშეშდით ერთ ადგილზე, რადგან მათი მეკარე ძალიან ადრე ხტება. მაგრამ არავინ მომისმინა ლეონელის გარდა“, – ამბობდა მწვრთნელი მატურანა. ალვარესმა გაიტანა და ქვეყანას პირველი ლიბერტადორესის თასი აჩუქა.
„პაბლო თითოეულ გოლზე დახტოდა და ყვიროდა, – იხსენებდა პენალტების სერიას „პოპაი“. – არასოდეს მინახავს ის ასე გახარებული. როგორც წესი, ყინულის დიდი ნაჭერი იყო”. ფინალური მატჩის შემდეგ, გმირები ესკობარის რანჩოს ეწვივნენ გრანდიოზული საღამოს მოსაწყობად. „ისინი ბონუსებისთვის მოვიდნენ. პაბლომ სატვირთო მანქანის ლატარიაც კი გაათამაშა. პაბლოსთვის ფეხბურთელები არა უბრალოდ საქონელი, არამედ მეგობრები იყვნენ. საქმე მხოლოდ ფულში არ იყო. მას უნდოდა, რომ ისინი ბედნიერები ყოფილიყვნენ“, – თქვა ესკობარის ძმამ ხაიმე გავირიამ.
ლაინსმენის მკვლელობა და მარადონასთან თამაში საკუთარ ციხეში
მთავარი მიზნის მიღწევამ არ დააცხრო ესკობარის აზარტი. კალის „ამერიკას“ წინააღმდეგ ჩემპიონატის მატჩის ბოლოს, გვერდითმა არბიტრმა ალვარო ორტეგამ გააუქმა პაბლოს საყვარელი „ინდეპენდიენტეს“ გოლი, რომლითაც ანგარიში გათანაბრდა. ელ პატრონმა ეს შეურაცხყოფად მიიღო და იმავე საღამოს, ორტეგა სატვირთო მანქანიდან ჩაცხრილეს.
„როცა მატჩის შემდეგ შინ ვბრუნდებოდი, გავიგე, რომ მსაჯი მოკლეს. შოკში ვიყავი. ჩვენ ვიცოდით, რომ ამ საქმეში მფლობელები იყვნენ გარეულნი. თუმცა, ფეხბურთელებმა ბევრი არ იციან“, – აღნიშნა „ინდეპენდიენტეს“ ფეხბურთელმა ოსკარ პარეხამ.
ორტეგას მკვლელობის შემდეგ, მთავრობამ შეაჩერა ტურნირი და ის აღარ დაასრულეს.
1991 წელს, პირველად 10 წლის განმავლობაში, „ატლეტიკო“ გახდა კოლუმბიის ჩემპიონი. მაგრამ ესკობარს კლუბის მართვისთვის აღარ ეცალა – მას ქვეყნის ახალი პრეზიდენტი სესარ გავირია ავიწროებდა. საშუალედო შედეგი გახდა გარიგება: ესკობარმა ბრალი აღიარა რამდენიმე უმნიშვნელო საქმეში, საპასუხოდ მას დანარჩენი ცოდვები აპატიეს და „ლა კატედრალის“ ციხეში ჩასვეს, რომელიც ნარკობარონმა თავისთვის აიშენა. „გამოსასწორებელი დაწესებულების“ კომფორტში შედიოდა – აუზი, ჯაკუზი, საუნა და ბუნებრივია, საფეხბურთო მოედანი, რომელზეც პაბლომ დიეგო მარადონასთან ითამაშა. შუამავალი არგენტინელ ვარსკვლავზე გავიდა და ამხანაგური მატჩი სთხოვა, თან დაამატა, რომ თამაშს „კოლუმბიაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი” აწყობდა.
„ციხეში წამიყვანეს ათასამდე პირადი მცველის თანხლებით. მე ვთქვი: რა ჯანდაბა ხდება აქ? მე რა, დაპატიმრებული ვარ?! ეს ადგილი უფრო მდიდრულ სასტუმროს ჰგავდა. მე მითხრეს: დიეგო, ეს ელ პატრონია. მე არ ვკითხულობდი გაზეთებს და არ ვუყურებდი ტელევიზორს, ამიტომაც წარმოადგენა არ მქონდა, ვისთან მქონდა საქმე! ჩვენ კაბინეტში შევხვდით და მან მითხრა, რომ უყვარს ჩემი თამაში და საკუთარ თავს ჩემთან აიგივებს, რადგან მე, როგორც მან, სიღარიბე დაამარცხა.
ჩვენ მატჩი ვითამაშეთ და ყველანი კმაყოფილნი იყვნენ საკუთარი თავით. იმავე საღამოს იყო წვეულება საუკეთესო გოგონებით, რაც კი ოდესმე მინახავს ცხოვრებაში. და ეს ყველაფერი ციხეში ხდებოდა! ვერ ვიჯერებდი ამას. მომდევნო დილით მან გადამიხადა და ერთმანეთს დავემშვიდობეთ“, – მოყვა მარადონამ ესკობართან უჩვეულო ნაცნობობაზე.
სხვადასხვა დროს „ლა კატედრალს“ სტუმრობდა კოლუმბიის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი, მათ შორის იგიტა, რომელიც დღემდე უწოდებს ესკობარს მეგობარს. ასეთი ახლო ურთიერთობა ნარკობარონთან მას მსოფლიოს 1994 ჩემპიონატზე ნაკრებში ადგილის დაკარგვად დაუჯდა – ფეხბურთელი ციხეში ჩასვეს. როგორც შემდეგ რენე ამბობდა – სწორედ პაბლოსთან მეგობრობის გამო.
ესკობარი ციხიდანაც აგრძელებდა ნარკობიზნესის მართვას და მთავრობის მოთმინებაც ამოიწურა – მას უკვე ნამდვილ ციხეში უპირებდნენ გადაყვანას, მაგრამ ესკობარი გაიქცა. ასეთ მდგომარეობაში ფეხბურთი მის ერთ-ერთ იშვიათ გასართობად რჩებოდა. „მესმოდა, როგორ გვიახლოვდებოდნენ ჯარები. მეშინოდა. პაბლო ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: „პოპაი! მე მგონი მათ დაგვიჭირეს“. მე ჩემი M16 მოვიმარჯვე, მან კი მითხრა: „კოლუმბიამ გოლი გაიტანა!“ ფეხბურთი მისი სიხარული იყო, მისი გადარჩენა, მისი ბედნიერების მეშვიდე ცა“, – ყვებოდა ესკობარის ერთგული თანაშემწე.
თუმცა, კოლუმბიური ფეხბურთის განვითარების უმაღლეს წერტილს – მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე გასვლას – პაბლო ვერ მოესწრო. 1993 წლის 2 დეკემბერს ის სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა. პაბლოს თავისი ცხოვრების ბოლო წამს საფეხბურთო ბუცები ეცვა.