პაატა მანჯგალაძე - ყველამ ჩამოვდგათ ერთი ნაბიჯი ერთმანეთისკენ, ასე შეიძლება, ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან
პაატა მანჯგალაძე - ყველამ ჩამოვდგათ ერთი ნაბიჯი ერთმანეთისკენ, ასე შეიძლება, ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან

ყველამ ჩამოვდგათ ერთი ნაბიჯი ერთმანეთისკენ და ასე შეიძლება, ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„სხვა შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ იქცევა პროგრესის დაბრკოლებად და შეეცდება, მართვის პროცესს ჩამოაშოროს არჩევნებში მონაწილე ერთ მილიონზე მეტი ადამიანი, კრიზისი გაღრმავდება და ამით მოგებული არავინ დარჩება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ არის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ცენტრალური საკითხი ის დეფექტები, რომელიც არჩევნების ადმინისტრირების ნაწილთან მიმართებაში არსებობს, რათა ყველა მომავალი არჩევნების დროს გამუდმებით არ იყოს საუბარი გაყალბებაზე, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილება ემსახურებოდა არა საბოტაჟს, არამედ პარტიას მართლაც კეთილსინდისიერი სურვილი ჰქონდა, რომ საქართველოში საფუძველი დაედოს სამართლიან და კონკურენტუნარიან არჩევნებს. 

„ეს არის მოტივაცია, რის გამოც პარლამენტში არ შევედით. ჩვენმა ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ ამან მიიქცია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება და დღეს ვართ ბევრად წინ დემოკრატიასთან, მოლაპარაკების პროცესში. იმიტომ არის ხუთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. სხვა შემთხვევაში, თავდახრილი თუ შევიდოდით პარლამენტში, ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, მსჯელობა არ იქნებოდა, რადგან „ქართული ოცნება“ ცხრა წელია, უკვე ხელისუფლებაშია და ამის შეცვლის პოლიტიკური ნება რომ ჰქონოდა, ამ ყველაფერს საერთაშორისო არბიტრებისა და ჩვენი ამ ბოიკოტის პირობების გარეშეც გააკეთებდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ არ არის მოლაპარაკებების ცენტრალური საკითხი მაგალითად, ბუნებრივი ბარიერი, რაც სრულად პროპორციულის შემთხვევაში, რომელიმე პარტიის მიერ ხელისუფლების უზურპაციის პრობლემას მთლიანად მოხსნიდა, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ სამპროცენტიანი ბარიერი პარტიებისა და დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამას დაეთანხმებოდა, თუ დაამატებდნენ ერთ პუნქტს, რომელიც ვადამდელი არჩევნების საკითხს შეეხებოდა.

პაატა მანჯგალაძემ ასევე განაცხადა, რომ შეთანხმების შემთხვევაში ის მზად არის, საგამოძიებო კომისიაში მიიღოს მონაწილეობა.