პაატა მანჯგალაძე - ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაბალი შედეგი დადოს არჩევნებზე, ეს გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან და არა ირაციონალური წარმოდგენებით მამაცობანას თამაში
პაატა მანჯგალაძე - ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაბალი შედეგი დადოს არჩევნებზე, ეს გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან და არა ირაციონალური წარმოდგენებით მამაცობანას თამაში

ყველაფერი მარტივია, ან იღებ პასუხისმგებლობასა და რისკებს საკუთარ თავზე, რომ შეცვალო რეალობა, ან უპასუხისმგებლოდ ისვრი ტალახს ყველა მიმართულებით იმ ვარაუდით, რომ მღვრიე წყალში იქნებ რამე მეტი სარგებელი ნახო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა ორი არჩევანი, ან რეალურად დაგვენახა პროცესი, გაგვეთვალისწინებინა ქვეყანაში შექმნილი ვითარება, ჩვენი საერთაშორისო გავლენიანი მეგობრებისა და პარტნიორების მოწოდება, ან სახიფათო ზღვარზე გაჯიუტებული პოზიციებით ფეთქებადსაშიშ მდგომარეობამდე მიგვეყვანა ჩვენი ქვეყანა. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ან უნდა გვეხელმძღვანელა საქართველოს ინტერესების, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, ამერიკის სენატის, სახელმწიფო დეპარტამენტის რჩევით ან არარეალური წარმოდგენებით, ვიწროპარტიული და პირადი ინტერესებით გვევლო ჭიჭინაძის მსგავსი იმ სხვა ოპოზიციური ლიდერების მოწოდებების გზით, რომლებიც სინამდვილეში ჩვენ იმის გაკეთებას გვაბრალებენ, რაც მათ არაერთხელ გაუკეთებიათ და შანსი რომ ჰქონდეთ, კიდევ ერთხელ გაიმეორებდნენ“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა კონცენტრირდეს, რათა მმართველმა პარტიამ მომავალ არჩევნებზე მაქსიმალურად დაბალი მხარდაჭერა მიიღოს.

„ყველაფერი მარტივია, ან იღებ პასუხისმგებლობასა და რისკებს საკუთარ თავზე, რომ შეცვალო რეალობა ან უპასუხისმგებლოდ ისვრი ტალახს ყველა მიმართულებით იმ ვარაუდით, რომ მღვრიე წყალში იქნებ რამე მეტი სარგებელი ნახო. მივიღოთ რეალობა და ამ რეალობაში ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ მოახლოებული არჩევნებისთვის, რათა ხელისუფლებამ ვერ შეძლოს გაყალბება და რაც შეიძლება დაბალი შედეგი დადოს. ეს გამოიყვანს კრიზისიდან ქვეყანას და არა ირაციონალური წარმოდგენებით მამაცობანას თამაში, რომელსაც წლებია, ყველა ერთად ვხედავთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.