პაატა მანჯგალაძე - ვრჩებით მოლაპარაკების მომხრეებად, ჩვენთვის არ არის არსებითი საკითხი, ვინ იქნება წარმოდგენილი „ქართული ოცნებიდან“, მთავარია შედეგი
პაატა მანჯგალაძე - ვრჩებით მოლაპარაკების მომხრეებად, ჩვენთვის არ არის არსებითი საკითხი, ვინ იქნება წარმოდგენილი „ქართული ოცნებიდან“, მთავარია შედეგი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მათთვის არ არის არსებითი, ვინ იქნება წარმოდგენილი ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებებში. მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ მთავარია შედეგი და შეთანხმება, რომელიც ქვეყნის გამარჯვება იქნება.

ამიტომ, მანჯგალაძე ამბობს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ კვლავ მოლაპარაკების მხარდამჭერად რჩება.

„ვიყავით და ამ მძიმე ვითარებაშიც ვრჩებით მოლაპარაკების მომხრეებად, ჩვენთვის ეს საკითხი, ღარიბაშვილი იქნება წარმოდგენილი, თუ ვინ იქნება, არ არის არსებითი, ჩვენ ორიენტირებული ვართ შედეგზე, რადგან ჩვენთვის ღარიბაშვილია და ივანიშვილია ყველა, ვინც იქნება „ქართული ოცნებიდან“ წარმოდგენილი. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ დამატებით პირობებს და საბაბს, მოლაპარაკებები ჩაშალოს, შესაბამისად, ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი კოლეგების პოზიციას, ვინც ასე აყენებს საკითხს, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ მთავარია შედეგი და მთავარია შეთანხმება. ამიტომ ამაზე ვართ კონცენტრირებული“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, მანჯგალაძის შეფასებით, კარგი იქნება, თუ პრემიერი თანამდებობას დატოვებს.

ამასთან, პაატა მანჯგალაძის განმარტებით, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ამ საკითხზე უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება.

„რაც შეეხება გამოძიების საკითხს, ნორმალურ ქვეყანაში, იმ ჩანაწერების შემდეგ, გამოძიების გარეშეც გადადგებოდა პრემიერ- მინისტრი, ახლაც კარგი იქნება, თუ გადადგება პრემიერ- მინისტრი და „ქართული ოცნების“ მთავრობა, რადგან მათ არც სამართლებრივი და არც მორალური უფლება არ აქვთ, იწოდებოდნენ საქართველოს ხელისუფლებად, მით უმეტეს, არჩევნებმა ნათლად ცხადყო, რომ ისინი არ გამოხატავენ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის ინტერესებს. რაც შეეხება ჩანაწერებს, მართალი რომ გითხრათ, ნამდვილად არ გამკვირვებია არაფერი „ქართული ოცნებისგან“, მათი მმართველობის სტილისთვის ზუსტად ის ლექსიკა დამახასიათებელია, მაგრამ მაინც არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, ამ საკითხზე გამოძიება აუცილებელია და უნდა იყოს მიუკერძოებელი.

ჩანაწერები ამხელს „ქართული ოცნების“ მანკიერებას, ასე ვთქვათ, პირდაპირი მტკიცებულებაა, როდესაც სახელმწიფო ირგანოების გამოყენება ხდება პირადი მიზნებისთვის, ძალიან მძიმე დანაშაულის ფაქტები გვაქვს, მაგრამ ჩემთვის ამ საკითხთან ერთად უმთავრესი საკითხია შეთანხმება და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის რაც შეიძლება მალე დაძლევა. ჩვენს მეზობელ მტრულ სახელმწიფოს რომ არ ჰქონდეს დამატებით დესტაბილიზაციისა და არეულობის საფუძველი, რადგან დაპირისპირებამ შეიძლება, მიგვიყანოს მაქამდე და ისარგებლოს მესამე მხარემ.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ როცა საუბრობს შეთანხმებაზე, არავის ეგონოს, რომ ნაკლებად ვიბრძვით, ვინმეზე ნაკლებად პრინციპულები ვართ, ვინმესთან რამის დათმობას ვაპირებთ, არა, ჩვენ ვხელმძღვანელობთ სახელმწიფოებრივად, ცივი გონებით, როცა ემოცია და დუღილის ტემპერატურა იწევს, სიმართლე ორთქლდება და არ გვინდა, მივიღოთ მონაწილეობა ისეთ პროცესში, სადაც ემოცია აჯობებს საღ აზრს, შეთანხმება იქნება საქართველოს გამარჯვება.

მე არ ვიცი, მამუკა მდინარაძე რა პარტიებს გულისხმობდა, მამუკა მდინარაძეს შეუძლია, ისაუბროს „ქართული ოცნების“ კომპრომისების მზაობაზე. ჩვენი მხრიდან ვაფიქსირებთ, რომ ვართ პრინციპულები, მაგრამ საფრთხის აღქმიდან გამომდინარე, სადამდეც დაპირისპირებამ შეიძლება მიგვიყვანოს, კომპრომისი საჭირო იქნება ორივე მხრიდან, მაგრამ არ დავთმობთ პრინციპულ საკითხებს პილიტპატიმრების ნაწილში და არსებობს ვადამდელი არჩევნების საკითხი, შესაძლებელია, ვადამდელი არჩევნების საკითხის ჩატარების გზასთან და დროსთან დაკავშირებით გავმართოთ კონსულტაციები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.