პაატა მანჯგალაძე - ვისი დაკვეთაა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციისთვის, უცხოეთის აგენტებად გამოვაცხადოთ?
პაატა მანჯგალაძე - ვისი დაკვეთაა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციისთვის, უცხოეთის აგენტებად გამოვაცხადოთ?

ამერიკულ კანონს ვიღებთო, რომ ამბობთ, ამერიკული კანონი იყო ნაცისტების წინააღმდეგ და ფიქრობთ, რომ იმავე საფრთხეს ქმნის საქართველოში დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები? – ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, პარტნიორების კომენტარების მიხედვით, ეს კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ის  საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და დემოკრატიას ქვეყანაში.

„ამავეს გვეუბნებიან პატივცემული, გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, სხვადასხვა ინსტიტუცია – დაწყებული სახელმწიფო დეპარტამენტით, დამთავრებული გაერო-თი, ევროკომისიით, ნატო-ს წარმომადგენლობით, 27 ქვეყნის ელჩით. ყველა ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი რასაც აკეთებს და აპირებს რუსული კანონის მიღებას, არის რუსული საქმე. ამერიკულ კანონს ვიღებთო, რომ ამბობთ, ამერიკული კანონი იყო ნაცისტების წინააღმდეგ და თქვენ ამბობთ, რომ  იმავე საფრთხეს ქმნის საქართველოში დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები? კანონი, რომელიც გავრცელდება დასავლელ პარტნიორებზე და არ გავრცელდება რუსებზე, იმიტომ, რომ რუსეთი არალეგალურად აფინანსებს, ეს არის რუსული საქმე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.