პაატა მანჯგალაძე - ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და დამფინანსებელი, არ შეიძლება, იყოს ეროვნული პოლიტიკის მთავარი საკითხი, დამატებითი განცხადებებით ცეცხლზე ნავთს არ ვასხამთ
პაატა მანჯგალაძე - ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და დამფინანსებელი, არ შეიძლება, იყოს ეროვნული პოლიტიკის მთავარი საკითხი, დამატებითი განცხადებებით ცეცხლზე ნავთს არ ვასხამთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ შიდაპარტიულ საკითხებში ვერ ჩაერევა. მანჯგალაძის განმარტებით, თავმჯდომარის საკითხი პარტიამ თავად უნდა გადაწყვიტოს.

ამასთან, მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებლის საკითხიც არ შეიძლება, იყოს ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგი.

„ეს შიდაპარტიული საკითხია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კონკრეტულ საკითხებზე, რა პოზიცია ექნებათ და თავმჯდომარე ვინ იქნება, ეს უნდა გადაწყვიტონ პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ საკითხებში ვერ და არ ჩაერევა. ჩვენი ორი სტრატეგიული ეროვნული მიზანი გვაქვს, ევროპაში ინტეგრაცია და ხელისუფლებისგან „ქართული ოცნების“ მალე ჩამოშორება, ყველა სხვა საკითხი მეორეხარისხოვანია, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული საკითხი.

„ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელი ვინ არის და „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინ რას ფიქრობს, ეს საკითხი არ შეიძლება, იყოს ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარი საკითხი. ამიტომ, ჩვენი დამატებითი განცხადებებით ცეცხლზე კიდევ ნავთს არ ვასხამთ. განა პოზიცია არ გვაქვს და განა არ ვიცით, უბრალოდ, არ მიმაჩნია სწორად ამ საკითხზე დამატებითი განცხადებების გაკეთება“, – განაცხადა მანჯგალაძე.

რაც შეეხება კითხვას, „რამდენად მისაღებია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ურთიერთობის ამ ფორმებით გარკვევა“, მანჯგალაძე ასე პასუხობს: „ჩემთვის ეს ფორმა მისაღები არ არის. მუშტი-კრივით არ უნდა ხდებოდეს საკითხის გარკვევა. ზედმეტ ყურადღებას ამ საკითხებს ნუ უთმობთ“.