პაატა მანჯგალაძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი არის მოყვრისთვის სანქციების დაწესების მცდელობა და შესაძლებლობა
პაატა მანჯგალაძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი არის მოყვრისთვის სანქციების დაწესების მცდელობა და შესაძლებლობა

არც ევროპული, არც ფრანგული კანონი, რომელსაც იშველიებს „ქართული ოცნება“ ერთ ქვაბში არ ხარშავს მტერს და მოყვარეს, ის კანონი ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე არ ვრცელდება, საქართველოს კანონი ვრცელდება ყველაზე, გარდა რუსებისა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, აქამდე ღიად ოპერირებენ რუსები საქართველოში და არანაირი შეზღუდვები „ქართულ ოცნებას“ არ დაუწესებია.

„ეს კანონი არის მოყვრისთვის სანქციების დაწესების მცდელობა და შესაძლებლობა. კანონი, რომელიც ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან მტერს და მოყვარეს, კანონი არ არის. ჩვენ ვთქვით, რომ შინაარსში არ შევდივართ, რადგან სისულელეზე ლაპარაკი და დებატები არ გვსურს. მერე ვერ გაარჩევს ადამიანი, ვინ არის მტყუანი და მართალი. გამჭვირვალობა არის ფარისევლობა „ქართული ოცნების მხრიდან. თუ „ქართულ ოცნებას“ გამჭვირვალობა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ფინანსებზე და ღარიბაშვილის მილიონერობაზე დავიწყოთ გამოძიება. ეს იქნება გამჭვირვალობის ძალიან კარგი მაგალითი. შინაარსში შესვლა ნიშნავს, რომ შენც მონაწილეობ სისულელეში. პრობლემა საქართველოს მოქალაქეს აქვს ის, რომ ემიგრაცია შეჩერდეს, სამუშაო ადგილები იყოს და ფასები იყოს ნორმალური, ამაზე რამე ინიციატივა გინახავთ? არცერთი. ჩვენთვის სტრატეგიულად მიუღებელია ისეთი კანონები, რომლებიც ევროკავშირს და აშშ-ს დაუწესებს დამატებით რეგულაციებს, ამიტომ „ქართული ოცნებაა“ გვთხოვს, მოდი, ტაქტიკაზე შევთანხმდეთო. სტრატეგიულ დონეზე ყველგან დავდგებით და ვიტყვით, რომ ამ კანონის მიღება არის საქართველოს ინტერესების ღალატი. ხშირად იყო კითხვა, რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი, ხომ გვაქვს პასუხი ახლა, ბიძინა დაბრუნდა, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.