პაატა მანჯგალაძე - თუ აზრთა სხვადასხვაობა იქნება ოპოზიციაში, „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს ძალა და გამბედაობა, რომ მივიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რათა მოხდეს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა
პაატა მანჯგალაძე - თუ აზრთა სხვადასხვაობა იქნება ოპოზიციაში, „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს ძალა და გამბედაობა, რომ მივიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რათა მოხდეს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა

პაატა მანჯგალაძე – ქვეყანაში შექმნილი სოციალური ფაქტორისა და რეგიონში ფეთქებადსაშიში ვითარების გათვალისწინებით, დამატებითი პროვოცირების საფუძველი არ უნდა დავუტოვოთ რუსეთს

გიორგი ვაშაძე, ​ფასილიტატორ ელჩებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რათა მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება მოხდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ თავიდანვე ვიყავით თანმიმდევრულები და პრინციპულები შეთანხმების მიღწევის ნაწილში. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ შეთანხმება სჭირდებოდა საქართველოს და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს არაფერში სჭირდება მანდატები. ჩვენ ცხრა წელია, ვართ ოპოზიციაში და ცხრა წლის განმავლობაში მანდატების გარეშეც ვაკეთებდით ყველაფერს. მანდატებზე არ არის აქ საუბარი. აქ საუბარია მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევაზე, რადგან გრძელვადიანი კონფლიქტის გაგრძელების ფუფუნება არ აქვს საქართველოს. ქვეყანაში შექმნილი სოციალური ფაქტორიდან გამომდინარე და რეგიონში ფეთქებადსაშიში ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ დამატებითი პროვოცირების საფუძველი არ უნდა დავუტოვოთ რუსეთს. ამის გამოცდილება ძალიან მძიმე აქვს საქართველოს, ამიტომ გიორგი ვაშაძე თავისი ინიციატივით ყველაფერს აკეთებს, ფასილიტატორ ელჩებთან ერთად, მათი ჩართულობით, რათა მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება მოხდეს“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, გიორგი ვაშაძე მუშაობს იმ მიმართულებით, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს.

„ჩვენ შეგვეძლო, დავლოდებოდით პროცესს და შეგვეძლო მეტი კომუნიკაცია გვქონოდა ფასილიტატორ ელჩებთან, იდეებითა და წინადადებებით, რათა მხარეების პოზიციების დაახლოება მომხდარიყო. ამას აკეთებს გიორგი ვაშაძე და მუშაობს იმ მიმართულებით, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას. ხუთპუნქტიან შეთანხმებას რაც შეეხება, ასე ვართ შეთანხმებული, რომ თუ ყველა ის პუნქტი, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებაში დევს, იქნება ხელმოწერილი, არათუ მოვაწერთ ხელს, უბრალოდ ვერ ვხვდები, რა მიზეზით არ უნდა მივაწეროთ ხელი. მთავარი საკითხი არის ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები. ჩვენი თვითმიზანი არ არის, პროცესი გაიწელოს. შეიძლება, მძიმე პროცესიც იყოს, ვიღაცამ ოპოზიციიდან თქვას, რომ პირდაპირ რიგგარეშე არჩევნები უნდა და არ უნდა პლებისციტი ან ვადამდელი არჩევნებამდე მისასვლელ გზას არ იხილავს. ეს პოზიციაც დასაფიქსირებელია, მაგრამ თუ აზრთა სხვადასხვაობა იქნება ოპოზიციაში, „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს იმის ძალა, პოლიტიკური ნება და გამბედაობა, რომ მივიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, არა იმ მოტივაციით, რომ ვინმე დახარბებულია მანდატს, არამედ იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მოხდეს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დატოვე კომენტარი