პაატა მანჯგალაძე - სუს-მა ფარცხალაძის ჯაშუშობის სკანდალის გადასაფარად მორიგი სერია, „აკერმანი ორი“ შემოგვთავაზა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარცხალაძის ჯაშუშობის სკანდალის გადასაფარად მორიგი სერია, „აკერმანი ორი“ შემოგვთავაზა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ სუს-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ სუს-ი ამ სპექტაკლში მონაწილეობს.
„ბაკურიანის შეთქმულებაზე საუბრობდა „ქართული ოცნება“, აკერმანი ერთი თვის გარდაცვლილი იყო და მედია მაინც საუბრობდა, რომ გარდაცვლილი ადამიანი რამეს აპირებდა საქართველოში. სამაგიეროს უხდიან ამერიკულ სპეცსამსახურებს, თითქოს USAID-მა საქართველოში შემოიყვანა ადამიანები, რომლებიც გეგმავდნენ არეულობას. ეს არის რუსული სპეცსამსახურების სამაგიეროს გადახდის მცდელობა ამერიკული სპეცსამსახურებისთვის, ასე დავარქვათ ამ ბოდვას. სამწუხაროა, რომ სუს-ი მონაწილეობს ამ სპექტაკლში და საპნის ოპერაში.
თუ ასე არ არის, ადამიანები, რომლებიც შემჩნეული ჰყავდათ გადატრიალებაში, რას გაუშვეს და გააცილეს საქართველოდან? ესაა იაფფასიანი ბოდვა, „აკერმანი ორი“ – სერია, როცა გარდაცვლილ ადამიანს კიდევ ერთი თვე აბრალებდნენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურად გახრწნილი ადამიანები საუბრობენ ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულზე მაშინ, როცა აგერ არის სკანდალი დაკავშირებული ღარიბაშვილისა და კალაძის ჩარტერებთან, გასარუჯად რომ წავიდა კალაძე დუბაიში და ეს ხალხი ნიანგის ცრემლებს ღვრის ამერიკელი გადამხდელების ფულის გამო? ვის სჯერა ამ იაფფასიანი პროპაგანდის. ეს არის რუსული სცენარი – დათრგუნონ, დააშინონ ადამიანები და თუ კანდუდატის სტატუს ვერ მიიღებს ქვეყანა, არ გამოხვიდეთ და შევეგუოთ ამას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.