პაატა მანჯგალაძე - სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებისთვის არც ერთ ეტაპზე დაგვიჭერია მხარი, პროცესი არ არის გამჭვირვალე და არ ემსახურება რეკომენდაციის შესრულებას
პაატა მანჯგალაძე - სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებისთვის არც ერთ ეტაპზე დაგვიჭერია მხარი, პროცესი არ არის გამჭვირვალე და არ ემსახურება რეკომენდაციის შესრულებას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განაცხადებით, მის პარტიას სახალხო დამცველის არჩევის წესზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტისთვის არც ერთ ეტაპზე არ დაუჭერია მხარი და არც მესამე მოსმენაზე აპირებენ მხარდაჭერას.

პაატა მანჯგალაძის თქმით, პროცესს მეტი ინკლუზიურობა სჭირდება.

როგორც პაატა მანჯგალაძე ამბობს, ცვლილებებით არც ერთი მოთხოვნა არ არის შესრულებული, რასაც ევროკავშირის რეკომენდაცია ითვალისწინებდა.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ წარმოდგენილი ცვლილებისთვის მხარი არ დაუჭერია არც ერთ ეტაპზე. ჩვენ პრინციპების ერთგული ჯგუფი ვართ. დღეს არსებული პრაქტიკით, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს უფლება, ჩაერთოს შერჩევის და თუნდაც შეფასების პროცესში. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დაიყვანა ცხრამდე და იმ ცხრაშიც აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის აქვს კვოტა. ანუ მაქსიმუმ ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას ექნება შესაძლებლობა პროცესის შეფასების, რაც ვერ ჩაითვლება მეტ ინკლუზიურ პროცესად. შესაბამისად, არც გამჭვირვალე პროცესია და არ ემსახურება ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებას, სადაც პირდაპირ იყო მითითება სახალხო დამცველთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს ისეთი პროცესი, რამაც ინსტიტუციური დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს, ასევე მეტი გამჭვირვალობა და მეტი დემოკრატია. არც ერთი მოთხოვნა, რასაც რეკომენდაცია ითვალისწინებდა, ამ ცვლილებით შესრულებული და მიღწეული არ არის. შესაბამისად, ფარსში, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, მონაწილეობას ვერ მივიღებდით. არადა, დიდი სურვილი გვქონდა, რომ იქნებ, ამ საკითხზე მაინც შევთანხმებულიყავით ხელისუფლებასთან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. მისი მესამე მოსმენით დამტკიცება დღეს პლენარულ სხდომაზე იგეგმება. ცვლილებებით იცვლება სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა.

კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“, თუმცა მათ მეორეს მოსმენისას ცვლილებებს ხმა არ მისცეს.