პაატა მანჯგალაძე - შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს რეკომენდაციების შესრულებას, ეს არის ქართველი ერის დაკვეთა და ამ მოთხოვნებს მხარს ვუჭერთ
პაატა მანჯგალაძე - შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს რეკომენდაციების შესრულებას, ეს არის ქართველი ერის დაკვეთა და ამ მოთხოვნებს მხარს ვუჭერთ

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა, რომელიც იანვრამდე უზრუნველყოფს ყველა რეკომენდაციის შესრულებას, ეს არის ქართველი ერის დაკვეთა და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ მოთხოვნებს მხარს უჭერს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, გუშინდელი აქციაზე დაფიქსირებული მოთხოვნები არ არის ერთი კონკრეტული ჯგუფის, ეს არის ფართო კონსენსუსით შეჯერებული მოთხოვნები.

„აქციაში მონაწილე საზოგადოებას უნდა, რომ საქართველოს გახდეს ევროპის ნაწილი, ევროპამ შემოგვთავაზა 12-პუნქტიანიგეგმა და ამის შესრულებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მეორეხარისხოვანია ჩვენთვის თანამდებობები, ეს არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა და იქ ხალხი შეკრებილი არ არის იმისთვის, რომ ძალაუფლება რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ან ვიწროპარტიულ ჯგუფს მიანიჭოს. ნორმალური მთავრობა რომ იყოს ქვეყანაში, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და ანგარიშს უწევს ხალხის აზრს, რა თქმა უნდა, 100 000 ადამიანი როცა გამოდის გადადგებოდა. ღარიბაშვილმა რომ იცოდეს საქართველოს ისტორია, ეკუთვნოდეს საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, გადადგებოდა, რადგან 100 000 ადამიანი ნიშნავს პოლიტიკურ დასასრულს, მაგრამ ამას ისინი არ გააკეთებენ, ამიტომ ჩვენ სამ ივლისს ვიქნებით ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ვიყავით გუშინ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, პაატა მანჯგალაძემ უკრაინელი მაღალჩინოსნის დავით არახამიას გუშინდელ მიმართვაზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება არახამიას განცხადებას ოლიგარქიასთან დაკავშირებით, არახამია არის ქართველი და პატრიოტი საქართველოსი, დეოლიგარქიზაციაზე არახამია კი არ საუბრობს, ამაზე ჩანაწერი გაკეთდა რეკომენდაციებში ოლიგარქისთვის ძალაუფლების ჩამოშორება ერთ-ერთი პუნქტია. რაც შეეხება უკრაინელ მაღალჩინოსნებს, ზელენსკის, რომელიც არის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო, მე პირიქით მომხრე ვარ, რომ მეტი კონტაქტი გვქონდეს უკრაინასთან, რადგან უკრაინა აკეთებს საქართველოს საქმეს, სწორედ იმ კბილებს უმსხვრევს რუსეთის იმპერიას, რომელი კბილებითაც ჩვენ დაგლეჯვას აპირებს მომავალში, ამიტომ ვგულშემატკივრობ უკრაინას და ვგულშემატკივრობ უკრაინას პირველ რიგში საქართველოსთვის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.