პაატა მანჯგალაძე - შარლ მიშელის დოკუმენტი ცალსახად გამარჯვება არ არის, მაგრამ წინაპირობებს ქმნის გამარჯვებისთვის
პაატა მანჯგალაძე - შარლ მიშელის დოკუმენტი ცალსახად გამარჯვება არ არის, მაგრამ წინაპირობებს ქმნის გამარჯვებისთვის

შარლ მიშელის დოკუმენტი ცალსახად გამარჯვება არ არის, მაგრამ წინაპირობებს ქმნის გამარჯვებისთვის, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„სხვადასხვა შეფასება მოვისმინე ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. ის, რაც ოპოზიციას, ჩვენს კოლეგებს არ მოსწონთ, გამოწვეულია კომპრომისის სულისკვეთებიდან გამომდინარე, რა კომპრომისიც მოგვიწია „ქართულ ოცნებასთან“. კარგი იქნებოდა, ყველაფერი დაეთმოთ, მაგრამ ეს შეთანხმება არ იქნებოდა. ეს იქნებოდა კაპიტულაცია, ასე კი, რა თქმა უნდა, შორს ვერ წავალთ. შეთანხმება კომპრომისს გულისხმობს და საერთოდ, პოლიტიკა კომპრომისის და შესაძლებლობების ხელოვნებაა. მიგვაჩნია, რომ შესაძლებლობების ეს ფანჯარა ყველამ უნდა გამოვიყენოთ და ქვეყანა ახალ პოლიტიკურ რელსებზე გადავიყვანოთ, სადაც პოლიტიკის საყრდენი არის არა დაპირისპირება და კინკლაობა, არამედ თანამშრომლობა და კონკურენცია საქმის კეთებასა და იდეებში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, ეს დოკუმენტი იდეალური არ არის, მაგრამ არსებულ სიტუაციაში ის არის, რისი მიღწევაც მოხერხდა და არასწორია იმის თქმა, რომ ეს არაფერს ნიშნავს. 

„დარჩა რამდენიმე ოპოზიციონერი, ვისაც არ მოსწონს ეს დოკუმენტი. არ ვამბობ, რომ ის იდეალურია, მაგრამ არსებულ სიტუაციაში ის არის, რასაც მივაღწიეთ. აქეთ არის ევროპა, ამერიკა, ვაშინგტონი, ბრიუსელი და სამართლიანი არბიტრები, რომლებმაც გვითხრეს, რომ ეს არის ოქროს კვეთა და ამ ეტაპზე, აქ უნდა მოხდეს შეთანხმება. არასწორია ამ შეთანხმების მნიშვნელობის დაწევა და იმის თქმა, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს. არ მგონია, სინდისიერმა და ჭკუათმყოფელმა ოპოზიციონერმა ეს თქვას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, როდესაც პოლიტიკური კრიზისი ამ ეტაპზე მაინც საბოლოოდ ამოიწურება, პარტიებს პოლიტიკის წარმოების საშუალება ექნებათ, ხალხს კი, რეალური არჩევანის შესაძლებლობა, თუ რას წარმოადგენს თითოეული პარტია და რა სხვაობაა ოპოზიციურ პარტიებს შორის, მათ შორის, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებას აწუხებს.

„ჩვენ ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ შესვლა-არშესვლაზე ვსაუბრობდით. გარდა იმ საკითხებისა, რომელიც ხუთპუნქტიან გეგმაში ფუნდამენტურია და, რომელიც ცვლილებებს ითვალისწინებს, ადამიანების წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ჩვენ გვქონდა შეთავაზება და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ თემებზე აქტიურ მუშაობას დაიწყებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ არის მესამე პოლიტიკური ძალა, რომლის შესახებაც საჯარო სივრცეში მთელი ამ ხნის განმავლობაში მიდის საუბარი, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ მსგავს მონოპოლიურ საარჩევნო სისტემაში, როგორიც საქართველოშია, მესამე ძალის გაძლიერება შეუძლებელია და ეს სისტემა უნდა შეიცვალოს.

„კომისიის 12 წევრიდან ათი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰყავს. ასეთი საარჩევნო სისტემა საქართველოში არასდროს ყოფილა. ეს არის რეალობა, რაც გვაქვს და ეს უნდა შევცვალოთ. ცვლილება გააჩენს არჩევნებისადმი ნდობას და შესაძლებლობას, რომ არჩევნები ადგილზე ისე არ გაყალბდეს, რომ ვერავინ ვერ დაინახოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.