პაატა მანჯგალაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმას მიუთითებს, რომ ამერიკას საქართველოს ქვეყნის მიმართ მტრული მიზნები არ აქვს და ეს ცუდი კამპანია უნდა დასრულდეს
პაატა მანჯგალაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმას მიუთითებს, რომ ამერიკას საქართველოს ქვეყნის მიმართ მტრული მიზნები არ აქვს და ეს ცუდი კამპანია უნდა დასრულდეს

საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე შენიშვნები სხვა დროს იყო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

კომენტარი გააკეთა საინვესტიციო კლიმატის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს საინვესტიოციო კლიმატია შეფასებული და აღნიშნულია, რომ „საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია, მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანა რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი“.

„სხვადასხვა შეფასებით არის კორუფციის მაღალი დონე, კოეფიციენტი გაზრდილია და შეგვიძლია, ეს მონაცემი ვნახოთ. სხვა მხრივ ნამდვილად კარგია, რომ ღიად არ ხდება ბიზნესის დაშინება და დატერორება, ეს ნამდვილად ასეა და უნდა ვთქვათ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება სასამართლოს ნაწილს, ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ფიქრობს, რომ მიზანმიმართულად არის შექმნილი ვადებთან დაკავშირებული პრობლემები.

„ფაქტობრივად, ყველა მოსამართლეს დარღვეული აქვს ვადები. ეს კარგი მექანიზმია მათზე ზემოქმედების, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ადმინისტრაციული წესით უფლება აქვს, ნებისმიერი მოსამართლის მიმართ დაიწყოს წარმოება სწორედ ამ მიზეზით. ამიტომ, თუ სასამართლოს რეფორმის ფარგლებში ეს საკითხი მოგვარდება, კარგია, მაგრამ ვიდრე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალაუფლება კონცენტრირებული აქვს კლანს, სამართლიან და თავისუფალ სასამართლოზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე სახელმწიფი დეპარტამენტის ანგარიშის იმ ნაწილსაც შეეხო, სადაც კონკრეტულად საქართველოს ეროვნულ ბანკზეა საუბარი და ნათქვამია, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად“.

მანჯგალაძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ დაადასტურა, რომ ამერიკას საქართველოს მიმართ სანქციებისა და ომის დაწყების კუთხით არანაირი პრობლემა არ აქვს.

„საქართველო გლობალური სისტემის ნაწილია და ფინანსურ სანქციებს თავს ვერ ავარიდებდით, დანარჩენ საკითხებზე, მათ შორის ნავთობპროდუქტების შემოტანაზე, ეს ბოლომდე გამორიცხული არ არის, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ დაადასტურა, რომ ამერიკას საქართველოს მიმართ სანქციებისა და ომის დაწყების კუთხით არანაირი პრობლემა არ აქვს. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმას მიუთითებს, რომ ამერიკას საქართველოს ქვეყნის მიმართ მტრული მიზნები არ აქვს და ეს ცუდი კამპანია უნდა დასრულდეს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.