პაატა მანჯგალაძე - სახალხო დამცველობის სამ კანდიდატს აქვს ყველაზე მაღალი შეფასება, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, ახლა მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულოს სიტყვა
სახალხო დამცველობის სამ კანდიდატს აქვს ყველაზე მაღალი შეფასება, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ახლა მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულოს სიტყვა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ქულები თუ მნიშვნელოვანია, მაშინ მხარი უნდა დაუჭიროს კანდიდატებს, რომლებმაც შეფასებისას ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს.
„იმ წესმა და პრაქტიკამ, რომლითაც შეირჩა უჩა ნანუაშვილი და ნინო ლომჯარია, ნამდვილად გაამართლა. ჩვენ არ ვაპირებდით ამ წესის გადახედვას. წესის გადახედვა მოითხოვა „ქართულმა ოცნებამ“, ევროპის სტანდარტის შესაბამისი უნდა იყოსო. მოიყვანეს მაგალითი, რომ ბელგრადის წესები უნდა დავნერგოთ და აუცილებელია შეფასების კრიტერიუმებიო. ახლა ეს ხალხი, ვინც გვიყიჟინებდა, რომ აუცილებელი იყო შეფასება და სამუშაო ფორმატი, გვეუბნება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანმა მაღალი ქულა მიიღო თუ დაბალი, შეგვიძლია, ერთქულიანიც გავხადოთ სახალხო დამცველიო. რატომ შემოიტანეს ეს ბუღალტერია, თუ ქულებს აზრი არ ჰქონდა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ქულებს აზრი არ ჰქონდა, „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ ქულები მნიშვნელოვანია. ქულები თუ მნიშვნელოვანია, სამ კანდიდატს აქვს ყველაზე მაღალი შეფასება, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს და დაკეთილი ინებონ, ამ მაღალქულიან კანდიდატებს დაუჭირონ მხარი. იცით, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულია სამი კანდიდატი, ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი და გია ბურჯანაძე, მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე. ჩვენ სამივე კანდიდატს პირველ ეტაპზე ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვართ სიტყვის ხალხი, ახლა მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულოს სიტყვა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.