პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართავ, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავგზავნოთ, ვიდრე გაირკვევა, იხილავს თუ არა იგი უკრაინულ კანონს
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართავ, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავგზავნოთ, ვიდრე გაირკვევა, იხილავს თუ არა იგი უკრაინულ კანონს

შალვა პაპუაშვილსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს მივმართავ, დეოლიგარქიზაციის შესახებ ქართული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავგზავნოთ, ვიდრე გაირკვევა, ვინ რა თქვა და იხილავს თუ არ იხილავს იგი უკრაინულ კანონს. ამით ამოიწურება ყველაფერი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის განცხადებით, არ ელოდება, რომ მმართველი გუნდი კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გაგზავნის, რადგან, მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, ვენეციის კომისიამ, როგორც უმაღლესმა ინსტიტუციამ, სამართლებრივი შეფასება მისცეს ამ აქტს.

„სინამდვილეში, საკითხი ძალიან მარტივად დგას, პაპუაშვილსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, მათ შორის, კობახიძეს მივმართავ, ქართული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავაგზავნოთ, ვიდრე გაირკვევა, ვინ რა თქვა და იხილავს თუ არ იხილავს იგი უკრაინულ კანონს. ამით ამოიწურება ყველაფერი, მაგრამ თქვენ ამას არ გააკეთებთ. თქვენ არ გინდათ, რომ ვენეციის კომისიამ, როგორც უმაღლესმა ინსტიტუციამ, სამართლებრივი შეფასება მისცეს ამ აქტს, იმსჯელოს ოლიგარქიზაციის არსზე და იმსჯელოს იმაზე, რა პრობლემაა ოლიგარქია დემოკრატიასთან მიმართებაში და იმაზე, რომ საქართველოში, დიახ, ოლიგარქიაა. ამ თემებზე რომ არ იმსჯელოს ვენეციის კომისიამ, სინამდვილეში, ამის გამო არ აგზავნის „ქართული ოცნება“ კანონპროექტს.

ზელენსკი ამ კანონს როცა იღებდა, არსი იყო, რომ ოლიგარქიის გავლენისგან დაეცვა ხელისუფლება, მაგრამ საქართველოში, როცა ოლიგარქია უკვე ხელისუფლებაშია, იგივე კოპირებული კანონი იმავე მიზნებს ვერ მოემსახურება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.