პაატა მანჯგალაძე - პროცესი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო, არანაირ შანსს არ ტოვებს, მასში მონაწილეობა მივიღოთ, ევროპელი პარტნიორები საქმის კურსში ჩავაყენეთ 
პაატა მანჯგალაძე - პროცესი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო, არანაირ შანსს არ ტოვებს, მასში მონაწილეობა მივიღოთ, ევროპელი პარტნიორები საქმის კურსში ჩავაყენეთ 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას არ შეცვლიან. მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს მიაწოდეს ინფორმაცია, რის გამოც არ ერთვებიან სამუშაო ჯგუფში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.

როგორც მანჯგალაძე ამბობს, იმიტაციურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ამ შეხვედრების შემდეგ ჩვენ გადავხედავთ, თუ არა ჩვენს სამოქმედო გეგმას? ბუნებრივია, არა. ჩვენ ევროპარლამენტარების ინფორმირება მოვახდინეთ, რადგან პროცესი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო, ვგულისხმობ ანტიდასავლურ, ანტიეროვნულ და ანტიქართულ აღვირახსნილ კამპანიას, არანაირ შანსს არ ტოვებს, რომ იმიტაციურ პროცესებში მივიღოთ მონაწილეობა. საქმის კურსში ჩავაყენეთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. ამ ფარსში მონაწილეობას იმიტომ არ ვიღებთ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროპაში კი არ მიდიან, არამედ მიდიან რუსეთისკენ. ის პოლიტიკური სისტემა და არაფორმალური მმართველობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოაყალიბა, რუსულ ჭაობში უფრო ჰპოვებს საარსებო გარემოს, ვიდრე ევროპულ დემოკრატიაში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.