პაატა მანჯგალაძე - პირობები არ უნდა დააყენოს არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ, უნდა დავიწყოთ დიალოგი სუფთა ფურცლიდან, ეს შესაძლებელია
პაატა მანჯგალაძე - პირობები არ უნდა დააყენოს არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ, უნდა დავიწყოთ დიალოგი სუფთა ფურცლიდან, ეს შესაძლებელია

შერიგების ნაცვლად, მე ვიტყოდი ეროვნულ თანხმობას, ერთმანეთთან გაბუტული კი არ ვართ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„მთელ რიგ საკითხებზე გვაქვს უთანხმოება, მაგრამ არის რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც გვჭირდება ეროვნული თანხმობა – ოკუპაციასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული და რუსეთი არის ოკუპანტი, რაზეც ყველა უნდა შევთანხმდეთ, სხვანაირად არ გამოვა; ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით; სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან; სამართლიანი სასამართლოს არსებობასთან დაკავშირებით და ასევე, უნდა შევთანხმდეთ ერთ-ერთ მთავარ საკითხზე, პოლიტიკური დევნის და რევანშის დასრულებაზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამ განცხადებით პაატა მანჯგალაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ გაიგო პრეზიდენტის გზავნილი, რომ ის მზად არის, წამოიწყოს ფართო საზოგადოებრივი საუბარი ეროვნული მასშტაბით, რათა ქვეყანამ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას მიაღწიოს და წინ წავიდეს.

მანჯგალაძის განცხადებით, არსებული ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ დღემდე არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო, რაშიც, მისივე თქმით, წინა ხელისუფლების წვლილიც ძალიან დიდია. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ვინაიდან სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს, პრეზიდენტი უნდა იყოს ხელისუფლების შტოებს შორის არბიტრი.

„მოცემულ ვითარებაში ის უნდა გახდეს ზეპარტიული. ეს არის მისი როლი. პრეზიდენტი უნდა იყოს არბიტრი და მან, როგორც არბიტრმა, ნაბიჯები უნდა გადადგას შერიგებისკენ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად მზად არიან ეროვნული თანხმობისთვის პოლიტიკური ძალები, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადადგას.

„ვიცი, რომ „ქართულ ოცნებაში“ განსხვავებული პოზიცია არსებობს. ისინი ამბობენ, ვიღაცას როგორ უნდა შევურიგდეთ, ჯერ პატიება ითხოვოს, შეინანოს, ასე ვთქვათ, მუხლებზე დაეცეს და „გალობანი სინანულისანი“ დაწეროსო. პირობები არც ერთმა მხარემ, არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ არ უნდა დააყენოს. უნდა დავიწყოთ დიალოგი სუფთა ფურცლიდან და ეს არის შესაძლებელი. პირობებს თუ დავაყენებთ, ეს პირობები მხოლოდ იმას მოემსახურება, რომ ჩაშლა გვინდა ამ პროცესის, საბაბს ვეძებთ ეროვნული თანხმობის ჩაშლისთვის და არ ვეძებთ მიზეზებს და გზებს ერთმანეთისკენ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ თუ ეს განცხადება პრეზიდენტის მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის, პირადად ის, როგორც ქვეყნის ერთი მოქალაქე, ამ პროცესში სიამოვნებით ჩაერთვება.