პაატა მანჯგალაძე - პარტნიორებთან ვისაუბრებთ, რომ სანქციები დაედოს „ქართული ოცნების“ კონკრეტულ ჩინოვნიკებს და არა სახელმწიფოს
პაატა მანჯგალაძე - პარტნიორებთან ვისაუბრებთ, რომ სანქციები დაედოს „ქართული ოცნების“ კონკრეტულ ჩინოვნიკებს და არა სახელმწიფოს

ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა გამოიწვევდა სანქციებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ არ გვიხარია, რომ საქართველოს სანქცია დაედება. სწორი იქნება და ჩვენ პარტნიორებთან ვისაუბრებთ, რომ სანქციები დაედოს „ქართული ოცნების“ კონკრეტულ ჩინოვნიკებს და არა სახელმწიფოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე.

ამასთან, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ღრმად შეწუხებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.