პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციის ირგვლივ ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ ერთმანეთს ტალახის სროლაში არ უნდა ავყვეთ და მმართველ გუნდს საკუთარი მიზნების მიღწევაში არ უნდა დავეხმაროთ
პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციის ირგვლივ ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ ერთმანეთს ტალახის სროლაში არ უნდა ავყვეთ და მმართველ გუნდს საკუთარი მიზნების მიღწევაში არ უნდა დავეხმაროთ

ოპოზიციის ირგვლივ ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ ერთმანეთს ტალახის სროლაში არ უნდა ავყვეთ და მმართველ გუნდს საკუთარი მიზნების მიღწევაში არ უნდა დავეხმაროთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.​

მანჯგალაძის თქმით, ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნა უცნაური არ არის და ეს არის ევროპული კულტურა.

„ვიდრე პარტია ხელისუფლებაში მოვა, ჩრდილოვან კაბინეტს აყალიბებს, რათა ნათელი წარმოდგენა შექმნას, ვინ და რა გუნდი იღებს პასუხისმგებლობას. ის, რომ საქართველოში უცნაურად გვეჩვენება და მსგავსი კულტურა არ არის, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ამ საკითხზე კონსულტაცია გვქონდა და შევთანხმდით, რომ თანამდებობის განაწილების ამ სქემაში მონაწილეობას არ მივიღებდით, მაგრამ ფრონტის წინა ხაზზე ვიქნებოდით და ოპოზიციის კანდიდატებს მხარს ყველგან დავუჭერდით, მათ შორის დედაქალაქში – ნიკა მელიას. ფაჩანტური-ფანჩატურის და ყველასთვის ნაცების ძახილმა იქამდე მიგვიყვანა, რომ „ქართული ოცნება“ მილიონამდე ადამიანთან კონფლიქტშია შესული. ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება რომ არა, „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადასული იქნებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატს გვეძახიან, ევროპარლამენტარებს ლობისტებს და აღმოჩნდება, რომ ევროპაში არც ერთი ევროპარლამენტი აღარ დარჩება. ყველა პარტიას ნაციონალს ეძახიან, არადა „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრა წელია, არჩევნებში 30 პროცენტზე მეტს ვერ იღებს და კიდევ 30 პროცენტია, ვისთანაც „ქართულ ოცნებას“ კონფლიქტი აქვს. ოპოზიციის ირგვლივ ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ ერთმანეთს ტალახის სროლაში არ უნდა ავყვეთ და მმართველ გუნდს საკუთარი მიზნების მიღწევაში არ უნდა დავეხმაროთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გუშინ ე.წ. კოალიციური გუნდი 20 ოქტომბერს წარადგინა. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, მოძრაობა „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“, აგრეთვე „ევროპული საქართველოსა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის, „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები.