პაატა მანჯგალაძე - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოვიდეს ვიწროპარტიული ჩარჩოებიდან და ვიმსჯელოთ, როგორ მივაღწიოთ ქვეყნის ეკონომიკურ და სასურსათო უსაფრთხოებას
„ქართული ოცნების“ ლიდერები აგრძელებენ ქვეყნისთვის დამაზიანებელ რიტორიკას, ქვეყნის შიგნით მტერს ეძებენ და ამბობენ, რომ ქვეყანა გაყოფილია ომის პარტიებად და მშვიდობის მომხრეებად, რაც არასწორია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია მმართველი გუნდის მხრიდან ვიწროპარტიული ინტერესიდან გამოსვლა და ერთიანობა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი ქვეყნის მტკიცე არჩევანი და გადაწყვეტილებაა.
„გაზრდილი უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების ფონზე, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“, მათი ლიდერები, კონკრეტულად – ირაკლი კობახიძე, აგრძელებს დამაზიანებელ რიტორიკას. მაშინ, როცა ჩვენგან შეთავაზება იყო ერთიან ფორმატებზე საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ისინი აგრძელებენ ამ დამაზიანებელ რიტორიკას. ქვეყნის შიგნით მტერს ეძებენ და ამბობენ, რომ ქვეყანა გაყოფილია ომის პარტიებად და მშვიდობის მომხრეებად, რაც არასწორია.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აწარმოებს შეხვედრას ევროპარლამენტში, ძალიან მაღალი დონის შეხვედრებს ბრიუსელში და ცალსახა მოწოდებაა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, საქართველომ დააფიქსიროს ერთიანობა იმასთან დაკავშირებით, რომ მტკიცე არჩევანი და გადაწყვეტილებაა ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი და ჩვენი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება. ამის ნაცვლად, ვისმენთ საუბარს გამოგონილ საფრთხეებზე, მტრებზე. შემოიტანეს დაჩქარებული წესით კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტისთვის ჭკუის სწავლებას და შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“, პირადად ირაკლი კობახიძე სიამოვნებით გააუქმებდა პრეზიდენტის ინსტიტუტსაც, ისევე, როგორც გააუქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ ჰქონდეს.
კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოვიდეს ვიწროპარტიული ჩარჩოებიდან და ვიმსჯელოთ, როგორ ვახდენთ ქვეყნის უსაფრთხოების მიღწევას, როგორ ვაღწევთ ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილი შექმნას, ასევე ეკონომიკურ და სასურსათო უსაფრთხოებას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.