პაატა მანჯგალაძე - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფში ჩემს თავს ვერ ვხედავ
პაატა მანჯგალაძე - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფში ჩემს თავს ვერ ვხედავ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფში თავს ვერ ხედავს და მისი მხრიდან მსგავს პროცესში მონაწილეობა სწორად არ მიაჩნია.

მანჯგალაძის შეფასებით, ეს უნდა გააკეთონ მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრებმა.

პაატა მანჯგალაძის განმარტებით, საორგანიზაციო პროცესში არმონაწილეობა არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი რომ დადგეს, მას მხარს არ დაუჭერს.

„ასეთ პროცესში თავს ვერ ვხედავ, მე წარმოვადგენ „სტრატეგია აღმაშენებელს“, ასეთ პროცესში მონაწილეობა არ მიმაჩნია სწორად. ეს უნდა გააკეთოს თავისმა მხარდამჭერებმა, თავისი პარტიის წევრებმა. შესაბამისად, არც არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმის, რომ ქულები ჩავიწერო, გამოვა მიხეილ სააკაშვილი და რამე წინასწარი პრევენცია გავაკეთო. მე ასე არ ვხედავ ამ პროცესს, მე ვხედავ, რომ ნებისმიერი ადამიანის გამოსვლა, რიგგარეშე არჩევნები და ყველა საკითხი უნდა ემსახურებოდეს ქართული სახელმწიფოს ინტერესს.

ეს არის აქტიური პროცესი, საორგანიზაციო პროცესი, ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი რომ დადგეს, მხარს არ დავუჭერ. არის აქტიურობა საორგანიზაციო კუთხით და არის აქტიურობა, როგორც ერთი მონაწილის. მე, როგორც ერთი მონაწილე, ამ პროცესს ვუჭერ მხარს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს.