პაატა მანჯგალაძე - მესამე ცენტრის შექმნის სურვილს მხოლოდ მივესალმები, მთავარია, ამ ცენტრში გავასწოროთ ფოკუსი
კარგი იქნება, რაც მეტი ცენტრი იარსებებს. მთავარია, ამ ცენტრში გავასწოროთ ფოკუსი, შინაარსი, – ამის შესახებ „სტრატეგია“ აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძე გამოეხმაურა ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ამოცანა მკაფიოა, შევქმნათ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, ორპოლუსიანობა დაიმსხვრეს. გასაღები არის ისეთ გაერთიანებაში, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“.
პაატა მანჯგალაძის თქმით, ნებისმიერ გაერთიანებას წარმატებას უსურვებს.
„ბადრი ჯაფარიძის, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების განცხადებას რაც შეეხება, რომ სურვილი აქვთ, შექმნან მესამე პოლუსი, ცენტრი, ამას მხოლოდ მივესალმები. კარგი იქნება, რაც მეტი ცენტრი იქნება. მთავარია, ამ ცენტრში გავასწოროთ ფოკუსი, შინაარსი. ცენტრი კი არ არის პრობლემა, პრობლემა არის შინაარსი. დღის წესრიგის მთავარ საკითხად ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმას როცა აქცევ და გავიწყდება „ქართული ოცნება“, ეს არის პრობლემა და არა ის, რომ პარტიებს უნდათ, ცალკე პოლუსები შექმნან. პირიქით, წარმატებას ვუსურვებ ნებისმიერ პოლუსს, გაერთიანებას, რადგან, ჯამში, ჩვენ ერთობლიობაში უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, მაგრამ არ დაგვავიწყდეს მთავარი – გავასწოროთ ფოკუსი, რომ ერთმანეთთან კინკლაობამ ისე არ გაგვიტაცოს ამ პოლუსების შექმნის დროს, რომ დაგვავიწყდეს „ქართული ოცნება“, დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანა არის საფრთხის წინაშე. ფუნდამენტურ საკითხებზე ოპოზიციას კოორდინაცია თუ ექნება, არა სიებში და ერთიან ნომრებში ან ერთიან პლატფორმაზე, არამედ მთავარ საკითხზე, მაშინ შესაძლებელია ყველა პოლუსის არსებობა. „ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, თურმე ოპოზიცია ვერ თანხმდება, საერთო ენას ვერ ნახულობს, ერთმანეთთან კინკლაობაზეა გადასული და საქართველოსთვის არ სცალია. რატომ უნდა გავაჩინოთ ეს ნარატივი ხალხში, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ საერთო ენის გამონახვას და საქართველოსთვის არ გვცალია? რატომ ვეხმარებით „ქართულ ოცნებას“ ამ ნარატივის გავრცელებაში?„სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ოპოზიციის კოორდინაციისა და საერთო ძალისხმევის მხარეს, არა ერთიან სიებში, რომ ვიღაცამ ბარიერი გადალახოს. ბარიერიც გვერდზე დარჩება, საქართველოც, პარტიული იდენტობებიც, თუ ისე გავაგრძელებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.