პაატა მანჯგალაძე - ინფორმაციას არ ვფლობ, რას საუბრობს სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე, ოპოზიციურ პარტიებს ამ მიმართულებით შიგნით კონსულტაციები არ გვქონია
პაატა მანჯგალაძე - ინფორმაციას არ ვფლობ, რას საუბრობს სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე, ოპოზიციურ პარტიებს ამ მიმართულებით შიგნით კონსულტაციები არ გვქონია

ინფორმაციას არ ვფლობ, რას საუბრობს მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე და ჩვენ, ოპოზიციურ პარტიებს ამ მიმართულებით შიგნით არანაირი კონსულტაციები არ გვქონია, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი, რომ მოცემულ სიტუაციაში რეალისტურად იყოს განხილული ვადამდელი არჩევნების საკითხი, რადგან, საუბარია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ატარებს კონსულტაციებს, რათა ვადამდელი არჩევნები გაიმართოს.

„მე მოვერიდები ციხეში მყოფი ადამიანის კრიტიკას. მით უმეტეს, თუ მხოლოდ ვადამდელ არჩევნებზეა საუბარი, დღესაც ვთვლი, რომ ვადამდელი არჩევნები შესაძლებელია, ლეგიტიმაციის ხარისხის ამაღლების, კონსოლიდირების კუთხით უკეთესიც იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე არ ვსაუბრობ. მთავარი საკითხი არის, რამდენად ვუდგებით საკითხებს სახელმწიფოებრივად“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, როცა არის პოლიტიკური კრიზისი, „ვიცით სომხური, ე.წ ფაშინიანის სცენარი, როცა არც პარლამენტის საბოტაჟირება ხდება და მიდის წმინდა სახალხო პროტესტის ტალღის აგორება ადამიანის მიერ, მაგრამ საქართველოში ეს რეალობა არ არსებობს“.

„პროცესმა მოიტანა ის რეალობა, რაც სომხეთში შეიქმნა. თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, აუცილებელი არ არის ჯერ ერთმანეთს ვებრძოლოთ ოპოზიციამ და მერე შევქმნათ ეს პროცესი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს პროტესტი ამწუთას არსებობს, მე პირველი ვიქნები, ვინც იტყვის, რომ საზოგადოებაში არსებობს ვადამდელი არჩევნების ასეთი დიდი მოთხოვნა, ხალხი ქუჩაშია, აზვირთებულია და პირველი ვიქნები, ვინც ამ მანდატს დადებს. სამწუხაროდ, რასაც დღეს ვხედავ, პოლიტიკურ დღის წესრიგს, ვიწრო პარტიული კინკლაობის იქით, უფრო დიდი იდეების გარშემო კონსოლიდირების მცდელობაც კი არ მინახავს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად არის დღეს ის ვითარება, რომ შეიძლება, ვადამდელ არჩევნებზე ვილაპარაკოთ, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საკითხის ასე ხისტად დაყენება შეიძლება, „ქართულ ცნებას“ გარკვეულ უპირატესობასაც აძლევდეს და მის ინტერესშიც შეიძლება, იყოს.

„არ მინდა, ისე იყოს საქმე, თითქოს „სტრატეგია აღმაშენებელი“ წინააღმდეგია ვადამდელი არჩევნების. პირიქით, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე აგრესია არის კარს მომდგარი, რამდენად შევძლებთ მთავარი სათქმელის მიტანას ამომრჩეველთან, რომ ერთი მხრივ, არის აგრესიის საფრთხე და ჩვენ მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ ქვეყნის შიგნით ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის. ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის თუ ჩვენც ყველაფერზე წამსვლელი ვართ, მაშინ რა მორალური და ღირებულებითი უპირატესობა გვაქვს „ქართულ ოცნებასთან“, რომელზეც ვამბობთ, რომ ცუდია, მყარი პოზიციები რომ არ აქვთ?! ისინი პროცესს ვაჭრის პოზიციიდან ხედავენ. თუ ნახავენ, რუსები იგებენ, რუსებთან დაიწყებენ პოლიტიკურ ფლირტს; თუ ნახავენ, რომ დასავლეთი იგებს, დასავლეთთან და თუ ნახავენ, რომ ყიზილბაშები არიან, ყიზილბაშები გახდებიან“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ამ ძნელბედობის ჟამს მტერი შიგნით კი არ უნდა ეძებოს, არამედ უნდა იქნას ნაპოვნი საკითხები, რომელიც ერს გააერთიანებს.

„უნდა ვიპოვოთ იდეა, რომელიც ერს გააერთიანებს. ერის და საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირება არის ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობის გარანტი და არა მხოლოდ ერთი ხელისუფლება. ამის მძიმე მაგალითი გვაქვს 1921 წელს, რომლის გამეორება ღმერთმა ნუ ქნას, საქართველომ როდესმე დაუშვას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.