პაატა მანჯგალაძე - გვეუბნებიან, მუხტი დავარდაო, ქაჯეთის ციხესავით შევჭრილიყავით და ქონგურიდან ღარიბაშვილი გადმოგვეგდო? არაძალადობრივად გვინდა ძალაუფლებიდან ხელისუფლების ჩამოშორება
ერთი მხრივ, იყო პროპაგანდა, რომ ჩვენ არეულობა, ქაოსი და ქვეყნის დანგრევა გვინდა, ხოლო როცა მსგავსი არაფერი გაგვიკეთებია, გვეუბნებიან, მუხტი დავარდა, აქცია დაიშალაო. ქაჯეთის ციხესავით შევჭრილიყავით და ქონგურიდან ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადმოგვეგდო? – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლების ძალაუფლებიდან ჩამოშორება სურთ მშვიდობიანი პროტესტით და არაძალადობრივად.
„ქართული ოცნებისგან“ საოცარ რიტორიკას ვაწყდებით – ერთი მხრივ, პროპაგანდა იყო, რომ ჩვენ არეულობა, ქაოსი და ქვეყნის დანგრევა გვინდა, ხოლო როცა მსგავსი არაფერი გაგვიკეთებია, გვეუბნებიან – მუხტი დავარდა, შინ წავიდნენ, აქცია დაიშალაო. რა უნდა გაგვეკეთებინა, ქაჯეთის ციხესავით შევჭრილიყავით და ქონგურიდან ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადმოგვეგდო? – არ უნდა დაშლილიყო აქცია და შინ არ უნდა წასულიყო ხალხი? ირაკლი ღარიბაშვილი რომ ბრიყვია და არ გადადგება ან ივანიშვილი ძალაუფლებას არ დათმობს, ამის გამო ქვეყანას ხომ არ დავანგრევთ? ძალაუფლებიდან ხელისუფლების ჩამოშორება პროტესტით, მშვიდობიანად და არაძალადობრივად გვინდა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.