პაატა მანჯგალაძე - გაუგებარია აქციების ორგანიზების არსი, არ შეიძლება, ეს იყოს რომელიმე კერძო პირის ან პარტიის აქცია
პაატა მანჯგალაძე - გაუგებარია აქციების ორგანიზების არსი, არ შეიძლება, ეს იყოს რომელიმე კერძო პირის ან პარტიის აქცია

გაუგებარია აქციების ორგანიზების არსი, არ შეიძლება, ეს იყოს რომელიმე კერძო პირის ან რომელიმე პარტიის აქცია, – ამის შესახებ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ საუბარია, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს პოლიტიკური მართლმსაჯულება და უნდა გვქონდეს თავისუფალი, სამართლიანი სასამართლო, აქციები უნდა ჩატარდეს მაშინ ყოველგვარი პარტიებისა და კერძო პირების სახელის წინ წამოწევის გარეშე.

„ჩემთვის გაუგებარია ასე აქციების ორგანიზების არსი. ეს არ შეიძლება, იყოს რომელიმე კერძო პირის აქცია ან არ შეიძლება, იყოს რომელიმე პარტიის აქცია. თუ ვლაპარაკობთ, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს პოლიტიკური მართლმსაჯულება, უნდა გვქონდეს თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო, ასეთი აქციები უნდა ჩავატაროთ მაშინ ყოველგვარი პარტიებისა და კერძო პირების სახელის წინ წამოწევის გარეშე. ეს არის ეროვნული საკითხი, რომ საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო. თუ ასეთი აქცია დაიგეგმება, სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას. ვიწროპარტიულ აქციებში მონაწილეობას რა თქმა უნდა არ მივიღებთ.

თუ შინაარსი იქნება, რომ არ გვინდა პოლიტიკური დევნა, არ გვინდა ისეთი სასამართლო, რომელიც დღეს საქართველოში არის, გვინდა უფრო მეტი სამართლიანი არჩევნები, ასეთ აქციებში სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას. არ ვიცი, ხალხი რას გააკეთებს. მით უმეტეს, ბუნებრივი კლიმატიც არ არის ისეთი, წვიმს და რამდენი ადამიანი გამოვა, ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველა სამოქალაქო აქტივიზმი, რაც ხდება, მაინც დასაფასებელია საბოლოო ჯამში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

10 და 14 ოქტომბერს, თბილისში „სახალხო მოძრაობა“ აქციის გამართვას გეგმავს. როგორც თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, აქცია იქნება ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი.