პაატა მანჯგალაძე - განსაკუთრებით ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომ ვერ შევძელით ყველა მხარისთვის მისაღები ამნისტიის კანონის მიღება
პაატა მანჯგალაძე - განსაკუთრებით ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომ ვერ შევძელით ყველა მხარისთვის მისაღები ამნისტიის კანონის მიღება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, განსაკუთრებით ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა ვერ შეძლეს ყველასთვის სასურველი ამნისტიის კანონის მიღება.

„სამწუხაროდ, ალბათ ყველას წვლილია, მაგრამ განსაკუთრებით ხელისუფლება არის პასუხისმგებელი, რომ ჩვენ ვერ შევძელით კონსენსუსის მოძებნა და ვერ შევძელით ისეთი ამნისტიის კანონის მიღება, რომელიც მისაღები იქნებოდა ყველა მხარისთვის.

თუ გავითვალისწინებით, რომ საქართველოში განხორციელებულ არც ერთ ამნისტიის აქტში ასეთი ჩანაწერი არ ყოფილა, ბუნებრივია, ჩნდება დასაბუთებული კითხვის ნიშანი, რომ ეს არის მიზანმიმართულად ჩადებული ნორმა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი 7 სექტემბერს დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, 15 წინააღმდეგ წავიდა.

პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.

ამნისტია გავრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. ამასთან, პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.