პაატა მანჯგალაძე - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოში არსებულ რეალობას არ შეესაბამება, ამიტომ მხარს ვერ დავუჭერთ
პაატა მანჯგალაძე - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოში არსებულ რეალობას არ შეესაბამება, ამიტომ მხარს ვერ დავუჭერთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოში არსებულ რეალობასთან შეუსაბამოა.

მისივე თქმით, უკრაინული კანონის კოპირება ვერ აზღვევს იმ რისკებს, რაც საქართველოში ოლიგარქიასთან დაკავშირებით არსებობს.

როგორც პაატა მანჯგალაძე ამბობს, ამ მიზეზების გამო „სტრატეგია აღმაშენებელი“ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოში არსებულ რეალობას არ შეესაბამება. ის უკრაინული კანონის კოპირებაა. უკრაინაში აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური წყობა და სხვა სამართლებრივი რეალობაა. შესაბამისად, უკრაინული კანონის კოპირება ვერ აზღვევს იმ რისკებს, რაც საქართველოში ოლიგარქიასთან დაკავშირებით არსებობს. ამიტომ მხარს ვერ დავუჭერთ.

არ მგონია, მეორე მოსმენის დროს ისეთი ცვლილება შევიდეს, რომ მხარდაჭერა მაფიქრებინოს. რადგან „ქართული ოცნება“ პირდაპირ აცხადებს, რომ ამ კანონით გამოირიცხება ბიძინა ივანიშვილის კანონის რეგულაციებში მოქცევა. თავიდანვე სამართლის აქსიომას გვთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, იყოს კანონის რეგულირების სფეროში. ჩვენ არ ვიძახით, რომ ივანიშვილის სახელი და გვარი ჩაწერეთ, მაგრამ გამორიცხვაც არ შეიძლება. როგორც სახელის და გვარის ჩაწერა არ შეიძლება, სახელის და გვარის ჩაწერა გამორიცხვით – ესეც არ შეიძლება. ამიტომ მოგვიწოდეს და გვითხრეს ევროპარლამენტარებმა, რომ ამ ფორმით დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა და ანტიკორუფციული ბიურო, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობს, რეკომენდაციების შესრულება არ არის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.