პაატა მანჯგალაძე - დემოკრატია, სასამართლო თუ არ არის, ინვესტიცია არ შემოვა, რეიტინგებში „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც მოწინავე ადგილები იყო, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ სიტყვის თავისუფლება არსებობდა
პაატა მანჯგალაძე - დემოკრატია, სასამართლო თუ არ არის, ინვესტიცია არ შემოვა, რეიტინგებში „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც მოწინავე ადგილები იყო, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ სიტყვის თავისუფლება არსებობდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ სერიოზულ დაბრკოლებად იქცა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის და მოქალაქეების ინტერესებისთვის.

მისივე თქმით, სიტყვის თავისუფლებასთან, სასამართლოსთან და არჩევნებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გადადგმულმა ნაბიჯებმა, ქვეყანა კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დააყენა.

„ამაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. თუ არ არის თავისუფალი სასამართლო, თუ ჟურნალისტებს ქუჩაში დასდევენ თავისუფალი სიტყვის გავრცელების გამო, ეს არის ნებისმიერი ხელისუფლების ფსკერი. ასევე, ამერიკის სენატში გაკეთდა განცხადებები, როცა იყო ლაპარაკი, რომ უზურპირებულია სასამართლო ხელისუფლება ოლიგარქის მიერ. ეს ძალიან მძიმე განცადებებია. ამას აფასებენ ჩვენი ინვესტორები, ვინც საქართველოში შემოსვლას აპირებს. თუ დემოკრატია და სასამართლო არ არის, არანაირი ინვესტიცია არ შემოვა საქართველოში. რეიტინგებში „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც ძალიან მოწინავე ადგილები იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ სიტყვის თავისუფლება იყო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია, თუმცა არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ.