პაატა მანჯგალაძე - არ არის საუბარი, რომ ყველა ერთ ბლოკად ჩამოყალიბდეს, მაგრამ თემატურად რომ უნდა ვიბრძოლოთ ამ მოძალადეების წინააღმდეგ, ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა
პაატა მანჯგალაძე - არ არის საუბარი, რომ ყველა ერთ ბლოკად ჩამოყალიბდეს, მაგრამ თემატურად რომ უნდა ვიბრძოლოთ ამ მოძალადეების წინააღმდეგ, ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა

საუბარია კოორდინირებული, მწყობრი დღის წესრიგის შექმნაზე, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, არსებობს თუ არა ოპოზიციური ერთობის რესურსი და შეხვდა თუ არა გიორგი ვაშაძის ინიციატივას შემხვედრი ნაბიჯები ოპოზიციურ სპექტრში.

„თემატურ თანამშრომლობაზეა საუბარი. აქ არ არის საუბარი იმაზე და დღის წესრიგიც არ არის ჯერ, რომ ყველა ერთ ბლოკად ჩამოყალიბდეს, ერთ სუბიექტად ან ერთ სიაში უნდა გაიწეროს, მაგრამ თემატურად რომ უნდა ვიბრძოლოთ ამ მოძალადეების წინააღმდეგ, ვინც ხალხს არბევს და საკუთარ მოქალაქეებს სახის ძვლებს უმსხვრევს, ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში არავითარი ინვესტიცია არ შემოვა.

„ვითომ რომ ინვესტიცია უნდა შემოვიდეს სანქცირებულ ქვეყანაში, სადაც დღე არ გავა, რომელიმე კონკრეტულმა ქვეყანამ მოძალადე რეჟიმის სანქცირება არ მოახდინოს და ვინ, რომელი ინვესტორი ჩადებს ფულს, სადაც სასამართლოს კლანი სანქცირებულია? ეს არის განზრახულობის შესახებ მემორანდუმი, გაწერილია რამდენიმე წელზე და დაველოდოთ, აგერ ვნახავთ. ეს არის, როგორც ტრამპი მოვა აგერ და გვეშველება 20 იანვრიდან. გარდამავალი მთავრობის პირობებში, როდესაც ტრანზაქციის პერიოდი იყო, როცა არსებული პრეზიდენტის პირობებში ახალი არჩეული პრეზიდენტიც არსებობს, ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მოხდა ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? ამას ელოდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას? მაგათთვის მნიშვნელოვანი არის ყოველი დღის მოგება. ახლა რაღაც ქიმერა უნდა ჩამოკიდონ. ასეთი ქიმერა იყო „ტრამპი მოვა“, ასეთი ქიმერა არის „6 მილიარდი მოვა“. სინამდვილეში, ესენი მილიარდებს აკეთებენ, მილიონებს აკეთებენ, მაგრამ საქართველოს რა აქედან?“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ უნდა მივიდეს ოპოზიცია და აქციაზე მდგომი ადამიანები ახალ არჩევნებამდე და ვინ უნდა დანიშნოს არჩევნები, როდესაც ხელისუფლება არ აპირებს ახალი არჩევნების დანიშვნას, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ჩვენ ვართ ისეთ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას, საკუთარი თავის გარდა, სერიოზულად არავინ არ განიხილავს.

მანჯგალაძემ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება, უნგრეთის და სლოვაკეთის გარდა, არცერთ ევროპულ ქვეყანას არ უღიარებია, აშშ-თან, სტრატეგიულ პარტნიორთან კი, ფაქტობრივად, გაჩერებულია სტრატეგიული თანამშრომლობა.

„ჯო უილსონი არის ტრამპის გუნდის წევრი, „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე და დღე არ გავა, „ქართულ ოცნებაზე“ და ხელისუფლების ძალადობაზე არ დაწეროს ე.წ, ტვიტი თუ, რა ვიცი, განცხადება არ გააკეთოს. „ქართული ოცნება“ თავის მომხრეებს ატყუებს, რომ თურმე ის 1000 დოლარს იღებს ამ პოსტებში. მე მგონი, ეს რაღაც სიგიჟის ზღვარს მიღმაა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.